2-07-2018
მალაიზიელი სამართალდამცველები 41 წლის კაცის ქორწინების საქმეს იძიებენ - "დეილი მეილის" ინფორმაციით, მამაკაცი 11 წლის ბავშვზე დაქორწინდა. შემთხვევას ქვეყანაში ხმაური მოჰყვა, მალაიზიელები მოითხოვენ, არასრულწლოვნებზე დაქორწინება კანონით აიკრძალოს.
ჩე აბდულ კარიმ ჩე აბდულ ჰამიდი ტაილანდში ბავშვზე საიდუმლოდ დაქორწინდა, გოგონა მისთვის მესამე ცოლია. ამბის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მამაკაცს ერთ-ერთმა ცოლმა პოლიციაში უჩივლა.
მუსულმანი გოგონებისთვის დაქორწინება 16 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი, თუმცა - მშობლების თანხმობით. მალაიზიელ მამაკაცებს 4 ცოლის მოყვანის უფლება აქვთ.
მთავრობის წარმომადგენლის, ვან აზიზა ვან ისმაილის განცხადებით, ქორწინება არაკანონიერია და შარიათის სასამართლოს თანხმობა არ მიუცია.
ფოტოებზე, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ჩანს, რომ ქორწილის ცერემონიალის შემდეგ მამაკაცს გოგონას ხელი უჭირავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩე აბდულ კარიმს, რომელიც, ასევე, იმამია, უკვე ჰყავს 2 ცოლი და 6 შვილი, მათი ასაკი 5-დან 18 წლამდეა.
კარიმმა ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებასთან განაცხადა, რომ ქორწინება კანონიერი იყო და გოგონას მშობლების ნებართვა ჰქონდა.
მისივე თქმით, 16 წლის ასაკამდე გოგონა მშობლებთან იცხოვრებს, ქმართან კი მხოლოდ ამის შემდეგ გადავა.
ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით, ბავშვი ამბობს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული ხმაური მისთვის გაუგებარია, რადგან ჩე აბდულ კარიმი უყვარს.
ვან აზიზას განცხადებით, მშობლებმა ქორწინების ნებართვა მისცეს მხოლოდ იმიტომ, რომ მატერიალურად უკიდურესად უჭირთ.
მალაიზიელი აქტივისტები მოითხოვენ, ქორწინების მინიმალური ასაკი 18 წლით განისაზღვროს.