6-07-2022
იმისთვის, რომ არ გაიხსნას ახალი სივრცე სპეკულაციებისთვის, შეიძლება, პირდაპირ დავაკოპიროთ უკრაინული კანონი ოლიგარქების შესახებ, როგორც პროექტი და მერე თითოეულ პუნქტს დასჭირდება მსჯელობა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„ესეც რომ არ იყოს, არსებობს ოლიგარქის ობიექტური დეფინიცია, რაც ასახულია უკრაინულ კანონში. მარტივად რომ ვთქვათ, ეს რას გულისხმობს, ოლიგარქი არის მდიდარი ადამიანი, რომელსაც დადასტურებული გავლენა აქვს პოლიტიკაზე და მედიაზე. უკრაინის შემთხვევაში მას 80, თუ 85 მილიონ დოლარზე მეტი უნდა ჰქონდეს აქტივები. უკრაინის შემთხვევაში არის ინსტიტუცია, რომელიც ამას ადასტურებს და საქართველოს შემთხვევაშიც ეს ვიღაცამ უნდა დაადასტუროს, ანუ გარკვეულმა საჯარო ინსტიტუციამ“, – განაცხადა კობახიძემ.ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ ბუნებრივია, კონკრეტული პიროვნების მიმართ ამ დეფინიციის მისადაგება ე.წ. აღქმებზე ვერ იქნება დამოკიდებული და ამის დადასტურება მტკიცებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული.
„შესაბამისად, ეს უნდა იყოს დაფუძნებული ობიექტურ მსჯელობაზე და რაც მთავარია, მტკიცებულებებზე. იგივე, როდესაც საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, აქ არის ზუსტად იგივე ყბადაღებული თემა – ფაქტი და აღქმა. საუბრობენ, რომ არის გარკვეული აღქმები, მაგრამ ნული ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ფლობს გავლენას დღეს პოლიტიკაზე, ან მედიაზე. თუ იქნება საუბარი კანონზე და მის აღსრულებაზე, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება იმის პასუხისმგებლობა, რომ დამტკიცდეს მისი გავლენა პოლიტიკასა და მედიაზე“, – განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, უკრაინული კანონის მიხედვით, თუ არის პოლიტიკოსის კონტაქტი ასეთ პირთან, უნდა მოხდეს ამ კონტაქტის დეკლარირება და მათ შორის, შინაარსის დეკლარირება.„როგორც კი, ეს კანონი იქნება მიღებული და გარკვეული კავშირი დამყარდება მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელსა და დავით კეზერაშვილს შორის, მაშინვე უნდა მოხდეს ამ კონტაქტის დეკლარირება შინაარსის მითითებით. ანუ, რამდენჯერაც შედგება კონტაქტი კეზერაშვილთან, სააკაშვილთან, ხაზარაძესთან, ან ჯაფარიძესთან, ყველა ასეთი კონტაქტი უნდა იყოს დეკლარირებული შესაბამისი ინსტიტუციის წინაშე და შემდეგ საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ვიგულისხმოთ, რომ ამ კანონის შესაბამისად, შესაძლოა, მაგალითად, ბადრი ჯაფარიძეს ჩამოერთვას პარლამენტარის მანდატი, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამას ვერც უკრაინაში გააკეთებს ვინმე და ვერც საქართველოში, რადგან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის უფლება ორივე ქვეყანაში კონსტიტუციით არის გარანტირებული.„სხვათა შორის, აქ ერთი საინტერესო დეტალია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი პოლიტიკოსი ხდება დეკლარირებულად, მასზე ეს ოლიგარქის რეგულაციები საერთოდ აღარ მოქმედებს, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს პრაქტიკული პრობლემაა. უკრაინის შემთხვევაში ეს ასეა, ჩვენ შემთხვევაში კი, შესაბამისი პირი ოლიგარქად უნდა იყოს თუ არა მიჩნეული, ეს კანონით ცალკე უნდა დარეგულირდეს. ბუნებრივია, ეს ძალიან საინტერესო დეტალია. ანუ, გამოდის, რომ შეიძლება, ვიღაც ითვლებოდეს ოლიგარქად, მაგრამ როგორც კი ის რაღაც სტატუსს შეიძენს, მასზე ოლიგარქის რეგულაციები საერთოდ აღარ მოქმედებს. შეიძლება, პარტიის წევრი გახდეს და უკვე აღარ არის ოლიგარქი. ნუ, ცოტა აბსურდულ სიტუაციამდე მივდივართ, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მსჯელობას საჭიროებს და ამისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჩვენ შეგვიძლია, თავიდან დავაკოპიროთ კიდეც ის უკრაინული კანონი, როგორც პროექტი და მერე თითოეულ პუნქტს დასჭირდება მსჯელობა“, – განაცხადა კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024