6-07-2022
ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებზე, საქართველოსა და მთლიანად რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლზე ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა.
შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორები ესწრებოდნენ. „ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ისაუბრა თემებზე, რომელიც აქტუალურია და უკავშირდება ბორდერიზაციის, ნდობის აღდგენის საკითხებს, რითაც დაკავებულია მისია საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები პირველი პირისგან იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სიტუაციაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორია ევროკავშირის პოლიტიკა და როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
თსუ სტუდენტებმა შეხვედრაზე კითხვები დასვეს საქართველოში მისიის მუშაობასა და ზოგადად, ევროკავშირის პოლიტიკაზე დიდ რეგიონში.
შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა განსაკუთრებით აღნიშნა თსუ სტუდენტების ცოდნის დონე და დასმული კითხვების შინაარსი. „მნიშვნელოვანია იგრძნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის მნიშვნელობა არა მხოლოდ მისი ყოველდღიური აქტივობიდან, არამედ ხელშესახები პოლიტიკური თანამონაწილეობიდან გამომდინარეც. ევროკავშირი საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია. აქ ვართ მანამ, სანამ საჭირო ვართ,“- განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის მეგი ჯალაღონიას თქმით, „მსგავსი შეხვედრები ძალიან უწყობს ხელს ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის გაცვლას იმ მექანიზმის შესახებ, რასაც სადამკვირვებლო მისია საქართველოში ახორციელებს. ელჩმა ამომწურავად უპასუხა სტუდენტების კითხვებს.“
შეხვედრა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის ფიქრია ასანიშვილის ორგანიზებით გაიმართა.
16-11-2024
16-11-2024