2-07-2018
ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინ, "კვირის აქცენტებში" გაკეთებულ განცხადებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
კობა დავითაშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილს პირდაპირ ეთერში სისხლის სამართლის დანაშაული წამოცდა, რისთვისაც ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს და დაიკითხოს ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილიც.
"გუშინ, "რუსთავი 2"-ის ეთერში, მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ ძალიან საინტერესო დიალოგი გამართეს, როდესაც ნიკა გვარამია, რომელიც გენპროკურორის მოადგილე იყო იმ დროს და სააკაშვილი პრეზიდენტი, ეუბნებოდა, რატომ არ გამოიძიეთ საქმეებიო. ეს არის პოლიტიკური შიზოფრენია. შიზოფრენია სალანძღავი სიტყვა არ არის, ეს არის პიროვნების გაორება. ბატონ გვარამიას დაავიწყდა, რომ თვითონ იყო გენერალური პროკურორის მოადგილე, და ვალერი გელაშვილის ამბავიც, ჩემი ამბავიც, მისი გამოსაძიებელი იყო. ბოლოს, ეს ორი ვაჟკაცი შეთანხმდა, რომ ჩვენი ბრალი არაფერი არ არის და ერთადერთი ქალი ეჯდათ სტუდიაში და უთხრეს, შენი ქმრის ბრალია ყველაფერიო. სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი. მინდა მივამრთო ბატონ გვარამიას, ბატონო ნიკა, მინიმალური ჟურნალისტური სტანდარტი მაინც დაიცავით და მომეცით უფლება, გამოვიდე თქვენი ეთერით და პასუხი გავცე სააკაშვილს. მას თუ არ შეეშინდება, ჩაერთოს თავის ამსტერდამიდან. რაც მან ისაუბრა, არის სრული სიცრუე. არანაირ რუსულ "ფეესბეს" ჩემი ლიკვიდაცია არ დაუგეგმავს. სააკაშვილმა დეტალებიც კი გაიხსენა. სრული პასუხიმსგებლობით ვაცხადებ, რომ მკვლელი, რომლის მამა ცხოვრობდა ვლადიკავკაზში, ხოლო დედა რუსთავში და იყო ქართველი, დაქირავებული იყო სააკაშვილის მიერ. მისი ვლადიკავკაზთან კავშირი აუცილებელი იყო იმისთვის, რომ მერე ეს ყველაფერი დაებრალებინათ რუსეთისთვის. რუსეთის "ფეესბეს" ჩემი მოკვლა რომ სდომოდა, ჩემი მეზობლები შეუშლიდნენ ხელს?!", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილი ე.წ. "ნა ვერტილეს" საქმეზე დანაშაულში გამოტყდა.
"შეგახსენებთ, მოხდა ფარული ჩაწერა პარლამენტის წევრის, კობა დავითაშილის და მაშინდელი კანონმდებლობა კრძალავდა პარლამენტის წევრის ჩაწერას საერთოდ. ამიტომ სააკაშვილმა მაშინ მოიგონა ტყუილი, რომ მე სახელმწიფომ კი არ არამედ იმ სუფრის მოანწილე ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ძალიან მოკლე ხანში გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში. სააკაშვილს ეს ყველაფერი დაავიწყდა და მერაბიშვილსაც დაადო ხელი, დამირეკაო და კობა დავითაშვილს პოლიტიკურ გვამად ვაქცევ, ასეთი იდეაო მომივიდაო. ეს ჩანაწერი გაკეთებული იყო ბევრად გვიან, თავდასხმის ფაქტიდან. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც პირდაპირ ეთერში აღიარა სააკაშვილმა და ხელი დაადო ვანო მერაბიშვილს. მოვითხოვ ან შსს-მ, ან პროკურატურამ, თავად გადაწყვიტონ, დაუყონებლივ დაიკითხოს ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილი, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გამო, რაც მდგომარეობდა პარლამენტის წევრის მიმართ უკანონო დევნაში", - აღნიშნა დავითაშვილმა.
18-12-2024