გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ზვიად კუპრავა: მოზარდების მკვლელობის საქმეში დეპუტატის შვილიც ფიგურირებს

2-07-2018

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ზვიად კუპრავას კითხავს. ის კომისიას იმ ინფორმაციას აწვდის, რომელიც ზაზა სარალიძესთან ერთად, საკუთარი გამოძიების შედეგად მოიპოვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

კუპრავა შსს-ს ყოფილ თანამშრომელ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის, მისი შვილის გამოკითხვის დროს, "გამომძიებელს თავზე ადგა, როგორც მონიტორინგის სამსახური". ამასთან, კუპრავამ განაცხადა, რომ გამოძიებაში ფიგურირებს "ქართული ოცნების" დეპუტატის შვილი, თუმცა ამ დეპუტატის ვინაობა მას არ დაუსახელებია. 


"ჩვენ ვხედავდით, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის შვილი, მონაწილეობდა აღნიშნულ საქმეში და მისი გვარი მოხსენიებული იყო „და სხვებში“. გაგვიჩნდა ლოგიკურად ეჭვი, რომ აქ „და სხვებში“ მალავდნენ ვიღაც ადამიანებს. ჩვენში პირველი კითხვის ნიშნები სწორედ ამან დაბადა, რადგანაც, თავდაპირველად ზაზა სარალიძე გამოძიებას ენდობოდა.


თუნდაც ის ფაქტი, რომ დეპუტატის შვილი მონაწილეობდა და საქმის მასალებში არ ფიგურირებდა, თუნდაც ის, რომ მირზა სუბელიანი მუშაობდა პროკურატურაში და როდესაც მისი შვილი იკითხებოდა მას ახლდა თან.


მართალია ის, როგორც მშობელი ახლდა თან, თუმცა ამავდროულად თავზე ადგა გამომძიებელს, რომელიც კითხვებს უსვამდა მის შვილს. ამ დროს გამომძიებელი ვერ დასვამს კრიტიკულ კითხვებს. მირზა იყო დაინტერესებული პირი. სწორედ ჩვენი იმდროინდელი შეფასებით, მირზა იყო მონიტორინგის სამსახურის შემსრულებელი, რათა მის შვილთან კრიტიკული კითხვა არ დასმულიყო“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ. 


ზვიად კუპრავამ შსს-ს წარმომადგენელი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის კახა სირაძის საქმე გაიხსენა, რომელმაც, კუპრავას თქმით, მირზა სუბელიანის დამსახურებით შეინარჩუნა თანამდებობა, რის შემდეგაც კახა სირაძე მირზა სუბელიანთან ვალში იყო. მისი თქმით, სწორედ კახა სირაძე იყო ფარდულის დაცულობაზე პასუხისმგებელი (სადაც მოზარდები მოკლეს).


"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ კახა სირაძე როდესაც მერაბიშვილი დაიჭირეს, თანამშრომლებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ეს პირები იყვნენ ვანო მერაბიშვილის გარემოცვა და მოსთხოვეს მათ „პატაკების“ დაწერა და სამსახურიდან წასვლა. მათ დაწერეს „პატაკები“ სამსახურიდან წასვლაზე, თუმცა თარიღი გენინსპექციის მოთხოვნით არ იყო დასმული, რის შემდეგაც კახა სირაძემ დაურეკა მის უახლოეს მეგობარს მირზა სუბელიანს და სთხოვა შუამდგომლობა, რათა მათ დახმარებოდნენ. კახა სირაძემ სთხოვა, რომ შუამდგომლობა გაეწია რათა ეს ადამიანები სამსახურიდან არ წასულიყვნენ. თავის მხრივ, სუბელიანმა გაუწია შუამდგომლობა და მათი ნაწილი, დატოვეს შსს-ს ორგანოებში, მათ შორის კახა სირაძე. ეს იყო მირზა სუბელიანის დამსახურება. მას შემდეგ რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე სისხლიანი ტრაგედია, სუბელიანი დაუკავშირდა კახა სირაძეს, რომელიც ვალში იყო მასთან და უთხრა, რომ ფარდულისთვის მიექცია ყურადღება“, -განაცხადა ზვიად კუპრავამ. 

მანვე კომისიას მიმართა, ფაქტის დასადასტურებლად ამოღებული იყოს სუბელიანის და სირაძის სატელეფონო საუბრების სიხშირე 1-2 დეკემბერს. 

„ესეც იქნება ირიბი მტკიცებულება. ამის შემდეგ კახა სირაძემ გააკეთა ის, რომ მოიქცა გულგრილად, არ მოხდა დაცვა მტკიცებულების და ამ მტკიცებულების, მკვლელობის ადგილის დანგრევა მოხდა“, -განაცხადა ზვიად კუპრავამ. 

საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე და შსს-ს წარმომადგენელი კახა სირაძე საგამოძიებო კომისიამ 25 და 26 ივნისსაც გამოკითხა. 22 ივნისს საგამოძიებო კომისიის წევრებმა მოკლული მოზარდების მშობლებს მოუსმინეს.

13 ივნისს საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე დასაკითხი პირების სია გამოაქვეყნა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930