2-07-2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით ქართული მხარე აქტიურად მუშაობს ამერიკელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ საქართველოს საკითხი იყოს მაღალი დონის დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა, მათ შორის აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრის დროს.
ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ბერლინში ვიზიტისას, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა ასევე ყოფილიყო მაღალი დონის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია ყველა დონეზე და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება. ამის დასტური არის თუნდაც ის, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა და მათი მხრიდან ჩვენი პრობლემატიკის სათანადო წარმოჩენა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივებში, აქტებში, რეზოლუციებში, განცხადებებში. თუნდაც ის რომ ტერმინი ოკუპაცია საკანონმდებლო აქტში არის ნახსენები მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-სთვის საქართველოს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მიუხედავად დღევანდელ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ფონისა, უამრავი გამოწვევებია, სადაც ბევრი ცხელი წერტილია, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს პარტნიორთან და მათ შორის მთავარ პარტნიორთან აშშ-სთან, იმისათვის, რომ საქართველოს საკითხიც იყოს სათანადოდ განხილული“-განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩატარებული სამუშაოები და წინასწარი კომუნიკაცია, „გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს საკითხი იქნება ასევე უმაღლეს დონზე განხილული“.
18-12-2024