2-07-2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით საქართველოს ახალი მთავრობის დამტკიცების შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი ვიზიტის გერმანიაში განხორციელება მიუთითებს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობას და ასევე გერმანიის როლს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, რაც არის საქართველოს მთავარობის გაცხადებული პრიორიტეტი.
მისი თმით გერმანიის როლი და სიტყვა ევროკავშირში ინტეგრაციის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ვიზიტი ამ მიმართულებით აქტიურად იქნება გამოყენებული.
„ბუნებრივია ეს ვიზიტი ნატოს სამიტის თვალსაზრისითაც იქნება გამოყენებული. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მოლოდინებზე, რა მოლოდინებიც ჩვენ გვაქვს. კერძოდ, პირველი ის რომ პროგრესი,რომელიც საქართველოს აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით, თავდაცვის სფეროში რეფორმები, პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოკრატიული კუთხით რეფორები, რომელსაც ასევე ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი პარტნიორები, ნატოს მომავალ სამიტზე სწორედ ღია კარის პოლიტიკიაში უნდა ითარგმნოს. ჩვენ ვითხოვთ ამ რეალობის ადეკვატურ შეფასებას პარტნიორების მხრიდან. მეორე მოლოდინი გახლავთ ჩვენი სათანადო მონაწილეობა შესაბამის ფორმატებში. ეს არის ასევე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ გვექნება შედეგები და მესამე მიმართულება, ეს გახლავთ შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა, შავი ზღვის რეგიონი არის ნატოს ყურადღების ცენტრში, ჩვენ მთელი მოსამზადებელი პერიოდი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ჩვენი ხედვა და წინადადებები მიგვეცა პარტნიორებისთვის, ერთად განგვეხილა და გვემსჯელა თუ რა შეიძლება იყოს გადატანილი პრაქტიკულ განზომილებაში და აქაც ველით, რომ გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შეფასებისას.
დავით ზალკალიანის განცხადებით ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს აქვს გერმანიის სერიოზული მხარდაჭერა. მათ შორის ეს გამოიხატა ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებაში. მისი თქმით გერმანიის მხარე პოზიტიურად აფასებს და მადლობელია იმ ქმედებების, რაც საქართველომ გაატარა უვიზო მიმოსვლის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. მინისტრის განცხადებით, ამჟამად ფიქსირდება პოზიტიური დინამიკა, როგორც თავშესაფართა მაძიებლების, ასევე კრიმანილური სტატისტიკის მიმართულებით. „ამ მონაპოვარს სჭირდება გაფრთხილება და გერმანელები აფასებენ იმ ნაბიჯებს, რაც გადავდგით გერმანიასთან მიმართებაში, როცა მათი მხრიდან გარკვეული წუხილი დაფიქსირდა. ამჟამად გვაქვს უაღრესად პოზიტიური დინამიკა და კიდევ ერთხელ გამოითქვა იმედი, რომ ეს პოზიტიური დინამიკა მომავალშიც იქნება შენარჩუნებული“-აღნიშნა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანიაში შეხვედრების უმთავრესი თემა ასევე გახლავთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი. მისი თქმით გერმანიის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მკაფიო მხარდაჭერა ამ მიმართულებით. გერმანია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო ფორმატებში ადასტურებს იმას, რომ შენარჩუნდება საქართველოს საკითხის ასევე აქტიურად განხილვა საერთაშორისო ასპარეზზე.
დავით ზალკალიანის განცხადებით ასევე საუბარი შეეხო ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას და ქართული მხარე მიმართავს დიპლომატიურ ძალისხმევას, რომ შენარჩუნებული იქნას მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა, რაც უდაოდ ხელს უწყობს საქართველო-გერმანიის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
18-12-2024