2-07-2018
საქართველოს პარლამენტის ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ზვიად კუპრავას კითხავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, თუ რა პირდაპირი მტკიცებულებები მიაწოდა კუპრავამ გამოძიებას.
როგორც ზვიად კუპრავამ აღნიშნა, გამოძიებას მიაწოდა ის ჩანაწერი, რასაც კომისიის წევრებმაც მოუსმინეს, ასევე ინფორმაცია სუბელიანის კავშირზე ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით.
„ინფორმაცია არა, მტკიცებულებაზე გეკითხებით. ბატონო ზვიად, პოლიციაში ნამუშევარი რომ არ იყოთ, ეს თემა არ იცოდეთ, მეგონებოდა, რომ ინფორმაციისა და მტკიცებულების განსხვავება არ იცით. მტკიცებულებაზე გეკითხებით”, – მიმართა მდინარაძემ ზვიად კუპრავას.
როგორც კუპრავამ აღნიშნა, სწორედ ინფორაცია შეიძლება გახდეს მტკიცებულება.
ამასთან, მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, ვინ გააკეთეს ჩანაწერი, რომელზეც კუპრავა საუბრობს.
ზვიად კუპრავას ინფორმაციით, ჩანაწერი გააკეთა მან და ზაზა სარალიძემ.
„ჩანაწერი ჩემი ტელეფონი იყო. ზაზას ტელეფონი იყო მე მგონი ხარვეზიანი და ვერ იწერდა. ამიტომ მთხოვა ჩემი ტელეფონით გაკეთებულიყო ჩანაწერი“, – აღნიშნა კუპრავამ.
„ტელეფონი, რომლითაც მოხდა ჩაწერა და რომლის გადაცემასაც გთხოვდათ პროკურატურა თქვენ, დაზიანდა, მიეცით თქვენ შვილს სათამაშოდ და ბავშვმა სად გადააგდო არ იცით. ადასტურებთ ამ სიტყვებს? სად თქვით ეს”, – მიმართა მამუკა მდინარაძემ ზვიად კუპრავას.
ამასთან, კუპრავამ განაცხადა, რომ გამომძიებელი მისი ტელეფონის ამოღებას ცდილობდა.
„გამომძიებელი ცდილობდა ჩემგან ტელეფონის ამოღებას. იმის ნაცვლად, რომ ჩანაწერი ამოეღო, ჩემი ტელეფონი უნდოდა. მე ვუთხარი, ჩემს ტელეფონს თქვენ არ მოგცემთ. თქვენ გჭირდებათ ჩანაწერი. ჩემს ტელეფონში არსებული სხვა ინფორმაციები აინტერესებდათ. მე მივუთითე ორგანიზაციები, საიდანაც შეეძლოთ ჩანაწერი ამოეღოთ. ჩემი ტელეფონი ნამდვილად დაზიანდა და ბავშვს მივეცი. ჩემს ხელში დამტვრეული იყო ტელეფონი და იმიტომ მივეცი ბავშვს. დაკარგული რომ არ ყოფილიყო, მაინც არ მივცემდი გამოძიებას. არავითარი სამართლებრივი ვალდებულება არ გამაჩნია ტელეფონის მიტანის. რომც ვიპოვო, სამართლებრივად ვერ დამავალებთ, რომ მოგიტანოთ. ამ ტელეფონით არ არის ჩადენილი დანაშაული. ეს ტელეფონი არ ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში. სახლში მაქვს, სადღაც გდია, რომც ვიპოვო, არ მაქვს ვალდებულება, რომ მოგიტანოთ. ძალიან გაინტერესებთ ჩემი ტელეფონები და ჩემი პირადი სივრცე”, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
ამასთან, ზაზა სარალიძემ 22 ივნისს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ მან და ზვიად კუპრავამ ჩაიწერეს მისი შვილის მეგობრების, დ.ნ-სა და დ.ღ-ს საუბარი. მისი თქმით, რის შესახებაც ბავშვები ამ ჩანაწერში საუბრობენ, სასამართლოზე აბსოლუტურად უარყვეს.
18-12-2024