17-07-2022
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, რეზო ახვლედიანს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, იმ გეგმებზე ისაუბრა, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პრიორიტეტული პროგრამების შემუშავებას ეხება.
ვეტერანებმა, მათთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღეს პასუხი. განსაკუთრებით გაესვა ხაზი რეგიონში მცხოვრები ვეტერანების სოფლის მეურნეობის პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობებს და პერსპექტივებს.
კობა კობალაძემ ისაუბრა სამსახურის მხარდაჭერით და გურიაში მცხოვრები ვეტერანების ინიციატივით, გურიის რეგიონსა და ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულ ვეტერან ფერმერთა ასოციაციაზე, მასში გაერთიანებული ფერმერების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც სამსახური, სახელმწიფო ინსტიტუციებთან და კერძო სექტორთან ერთად, ამ გამოწვევათა დასაძლევად ახორციელებს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, ბესიკ ბაქრაძე, ცაგერში სამსახურის წარმომადგენელი, მირიან მურცხვალაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები.
მოგვიანებით, კობა კობალაძე, "ომისა და თავდაცვის ძალების გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის'' პრეზიდენტი, გიორგი არველაძე, სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცაგერში, თხის რძის გადამამუშავებელ საწარმოს, " გვესოს ფერმას " ესტუმრნენ; მათ დაათვალიერეს ფერმა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, მის დამფუძნებლებს_ გიორგი გასვიანსა და მის მეუღლეს, ნატალია ბენდელიანს გაესაუბრნენ, რომელებიც, თავის მხრივ, გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობენ. მასპინძლებმა, საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის ვეტერანი ფერმერებისთვის გაზიარების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.
დღეისათვის, "ომისა და თავდაცვის ძალების გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაცია'' 155 ვეტერანსა და ორ კოოპერატივს აერთიანებს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განაგრძობს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა სხვადასხვა აგრარულ და სოფლის მეურნეობის პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობას.
16-11-2024
16-11-2024