3-07-2018
ვერ დაგეთანხმებით, რომ საქმეში ხარვეზები არსებობდა, - ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა ბედოიძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ყველა დეტალი ამოიწურა გამოძიების მიერ, თუმცა იმისთვის, რომ კითხვები არ გაჩენილიყო სხვა მიმართულებით, ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე, რომელზეც გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
„ხორავას ეპიზოდთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ წარმოებული გამოძიებიდან, სწორედ იმის გამო, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, დროში ვიყავით შემჭიდროებული და პრაქტიკულად 35 დღე გვქონდა ძიებისთვის, ყველა მოქმედების ჩატარება შეუძლებელი იყო. მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ყველა დეტალი ამოიწურა, თუმცა იყო ასევე რამდენიმე ჩხუბის კერა, სხვადასხვა ინციდენტები და რომ არ ყოფილიყო რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა, ამ მიზნით მოხდა გამოყოფა ცალკე საქმის დაუდგენელი პირების მიმართ, რომელზეც გამოძიება დღესაც მიმდინარეობს“, - განაცხადა შალვა ბედოიძემ.
ამასთან, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის რევიზირებისას შესაძლებელია გაჩნდეს განსხვავებული აზრები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თანმიმდევრობასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვთვლით, რომ სწორად ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება. ვერ დაგეთანხმებით, რომ ხარვეზები არსებობდა საქმეში“, - აღნიშნა ბედოიძემ.
18-12-2024