23-07-2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული პროექტის „ლიტჰაიკერი“ და ლიტერატურაში შემოქმედებითი კურსის „წერის არქიტექტურა“გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
დაჯილდოების ცერემონიაზე „ლიტჰაიკერის“ გამარჯვებულები პარტნიორი კომპანიის „სულაკაურის გამომცემლობა“ მიერ დაწესებული პრიზებით დაჯილდოვდნენ, „წერის არქიტექტურის“ გამარჯვებული კი ავტომატურად პროექტის „შემოდგომის ლეგენდა“ 2022 წლის ფინალში გადავიდა. თითოეულ გამარჯვებულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური საჩუქრები გადაეცა.
„ლიტერატურული პროექტები, რომლებიც დღეს შევაჯამეთ, სტუდენტებს აძლევს საშუალებას არამარტო საინტერესო ლიტერატურულ მოგზაურობაში ჩაერთონ, ასევე მიიღონ ახალი ცოდნა და უნარები, რაც მათ მომავალ შემოქმედებით საქმიანობას შეუწყობს ხელს და შესაძლებლობას მისცემს ახალი სახით წარმოგვიდგნენ ლიტერატურულ ასპარეზზე. დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს პარტნიორებს -„სულაკაურის გამომცემლობას“, ასევე ქართველ მწერლებს, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართული „წერის არქიტექტურის“ განხორციელებაში“,- განაცხადა თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა მამაგულიშვილმა.
მისი თქმით, ეს პროექტები განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ მასში თსუ-ს გარდა საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიცმონაწილეობენდა ყველა ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა ლიტერატურული, შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინოს.
პროექტის „ლიტჰაიკერი“ ფარგლებში კონკურსანტებმა 10 ტურის განმავლობაში 10 წიგნი წაიკითხეს და თითოეული ტურის ბოლოს სპეციალურად შედგენილი ტესტები წერეს, მე-9 ტურის ბოლოს 10 მაღალრეიტინგული კონკურსანტი გამოვლინდა, რომლებიც ფინალურ ტურში შეხვდნენ ერთმანეთს.
პროექტის გამარჯვებულებს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ფულად ჯილდო და წიგნების ვაუჩერები გადასცა - I ადგილის მფლობელსფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით და წიგნების 500 ლარიანი ვაუჩერი, II ადგილზე გასულს- წიგნების 300 ლარიანი ვაუჩერი, III ადგილის მფლობელს კი 150 ლარიანი ვაუჩერი.
„უკვე მესამე წელია, რაც „სულაკაურის გამომცემლობა“ პროექტ „ლიტჰაიკერის“ პარტნიორია და ძალიან გვიხარია, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში სწორედ ჩვენს გამოცემულ წიგნებს კითხულობდნენ მონაწილეები. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორობა გაგრძელდება. წარმატებას ვუსურვებთ კონკურსის ყველა მონაწილეს და თვითონ პროექტსაც“, - აღნიშნა „სულაკაურის გამომცემლობის“ მარკეტინგის მენეჯერმა ნინი თავხელიძემ.
პროექტის გამარჯვებული ლევან ღავთაძე რამდენიმე წელია რაც კონკურსში მონაწილეობს. „პირველ რიგში დიდი მადლობა პროექტის თითოეულ ორგანიზატორსა და განმახორციელებელს. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა გამარჯვებულის ამპლუაში ყოფნა. ნამდვილად საინტერესო სამი თვეიყო ათ სხვადასხვა საინტერესო წიგნთან ერთად და მე ვისურვებდი, რომ მომავალშიც გაგრძელებულ იყოს მსგავსი პროექტები. აუცილებლად ვურჩევ ყველა სტუდენტს მიიღოს მონაწილეობა და განიცადოს ის სიხარული და ის ემოცია, რომელიც წიგნის კითხვას თან ახლავს“,- განაცხადა „ლიტჰაიკერის“ I ადგილის მფლობელმა.
რაც შეეხება ლიტერატურაში შემოქმედებით კურსს „წერის არქიტექტურა“, 2022 წლის კურსის მთავარი თემა იყო „როგორ შევქმნათ ამბავი“. კურსში მონაწილეობის მსურველი 300-მდე აპლიკანტიდან 10 ფინალისტი შეირჩა, რომლებმაც ორი დღის განმავლობაში პროფესიონალი ტრენერებისგან მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა: როგორ შექმნან ამბავი, როგორ ააგონ ის მარტივად, როგორ გახადონ თხრობა მოქნილი. წლევანდელ კურსს უძღვებოდნენ მწერლები ანნა კორძაია - სამადაშვილი, რუსუდან რუხაძე, დიანა ანფიმიადი და ლიტერატურათმცოდნე ზაალ ჩხეიძე. კურსის წლევანდელი მონაწილეების ფინალური დავალება ჟიურის მიერ შერჩეულ ფოტოზე ამბის შექმნას ითვალისწინებდა. შემოქმედებითი კურსის გამარჯვებული გურამ ხარშილაძე გახდა, რომელიც „შემოდგომის ლეგენდის“ 2022 წლის ფინალისტებს შორის მოხვდა.
პროექტის „ლიტჰაიკერი“ იდეა თსუ სტუდენტებს ეკუთვნით და მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 წლიდან წარმატებით ახორციელებს. პროექტის პირველი პარტნიორი იყო გამომცემლობა “პალიტრა L,”2016 წლიდან - გამომცემლობა „წიგნები ბათუმში,“ ბოლო სამი წელია პროექტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და „სულაკაურის გამომცემლობა“ ერთობლივად ახორციელებენ. პროექტში თსუ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ 5 რეგიონული უნივერსიტეტის: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ლიტერატურაში შემოქმედებით კურსს „წერის არქიტექტურა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური ლიტერატურული პროექტის „შემოდგომის ლეგენდა“ ფარგლებში უკვე მესამე წელია წარმატებით ახორციელებს. კურსზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების, ნებისმიერი საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს აქვთ.
16-11-2024
16-11-2024