23-07-2022
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მეორე დღე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ მსჯელობას დაეთმო. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური ჩარჩო, უსაფრთხოების ენერგეტიკული ასპექტები, ოკუპირებული რეგიონები - ეს ის თემები იყო, რომლებიც მომხსენებლებმა კურსის ფარგლებში განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ყურადღება თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციასა და ეროვნული წინააღმდეგობის კონცეფციის შესახებ გაამახვილა. მან ისაუბრა მოკლე და გრძელვადიანი სახელმძღვანელო დოკუმენტებით გათვალისწინებულ მიმართულებებზე, თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერების კუთხით პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერაზე, ტოტალური თავდაცვის მნიშვნელობაზე, სამობილიზაციო სისტემაზე, ასევე თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ასევე კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მოგვიანებით, მსმენელებმა სიმულაციური კრიზისის სცენარში მიიღეს მონაწილეობა.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ მიმდინარეობს. მასში სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მომხსენებლები მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები არიან. კურსის განმავლობაში მსმენელები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას ეცნობიან.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი” თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ინიციატივით ტარდება. სემინარი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და 2012 წლიდან ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში ყოველწლიურად ტარდება.
16-11-2024
16-11-2024