გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა ბედოიძე: ხორავაზე მკვლელობის საქმის ყველა ფიგურანტის დაკავების შესახებ შს მინისტრის მოადგილეს ​იმ მომენტისათვის დადასტურებული ინფორმაცია მივაწოდე​

3-07-2018

შს მინისტრის მოადგილისთვის ხორავას საქმეზე ყველა ფიგურანტის დაკავების შესახებ არასწორი ინფორმაცია არ მიმიწოდებია, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ბედოიძემ პარლამენტში დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრ ირმა ნადირაშვილს.


ირმა ნადირაშვილმა შალვა ბედოიძეს შეახსენა, რომ 4 დეკემბერს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საქმის ყველა ფიგურანტის დაკავების შესახებ განაცხადა. ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ამ განცხადებამდე შს მინისტრს მასთან კომუნიკაცია და ბედოიძემ მიაწოდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია.

შალვა ბედოიძის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძეს მიაწოდა და შეეძლო, ეს ინფორმაცია გიორგი გახარიასთვისაც მიეწოდებინა.


„4 დეკემბერს დაკავებული იყო გ.ბ. მკვლელობის ფაქტზე. ასევე გ.ჯ. იყო არათუ დაკავებული, არამედ მის მიმართ გამოიტანეს ბრალდების დადგენილება 4 დეკემბრისთვის. სწორედ ეს არის ჩემთვის საფუძველი, რასაც შემიძლია დავეყრდნო და ვთქვა, რომ ამ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულები დააკავეს.

რა დროსაც მივეცი ეს განმარტება, ანუ ინფორმაცია, იმ მომენტისათვის ეს ინფორმაცია არსებობდა დადასტურებულად. არასწორი ინფორმაცია არ მიმიწოდებია. იმ მომენტისთვის ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და იმ დასაბუთებული ვარაუდით, რაც წარედგინა ბრალდება, ორივე არასრულწლოვნის მკვლელობაზე იყვნენ დაკავებული პირები. ბუნებრივია, ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეყრდნობოდა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დღეს იმ გარემოებას აწარმოებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, რომელთანაც მე შეხება არ მაქვს“, – განაცხადა შალვა ბედოიძემ.


ნადირაშვილი დაინტერესდა, როდესაც მინისტრის განცხადებას ისმენს მაგალითად, დეტექტივების სამმართველოს უფროსი ირაკლი ფიფია, რომ ყველა ფიგურანტი უკვე დაკავებულია, მან ახალი ფიგურანტიც რომ დაინახოს, გამოავლენს თუ არა და სწორი იყო ასეთი ნაჩქარევი განცხადება.


„იმ მომენტში, ჩვენ რომ დაკავებული გვყავდა, ირაკლი ფიფიამ კარგად იცის, რადგან ის აწარმოებდა საქმეს“, – განაცხადა ბედოიძემ.


მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გრძელდება გამოძიება.


„თუ მოიკვლევენ მტკიცებულებებს, რომ ვინმე სხვა პირი მონაწილეობდა ამ არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ბუნებრივი შეფასება მიეცემა და მიეცემიან პასუხისგებაში“, – აღნიშნა ბედოიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031