გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია საფრანგეთის შს მინისტრს შეხვდა

5-07-2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით, საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება, განსაკუთრებით კი იმ გამოწვევებზე რეაგირება, რაც ევროკავშირის და შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოდან არალეგალურ მიგრაციასა და ქართველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჟერარ კოლომბს შეხვდა. საქართველოს და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობაში.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან საპოლიციო თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტს.

გიორგი გახარიამ და ჟერარ კოლომბმა ხაზგასმით აღნიშნეს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩატარებული კრიმინალური დაჯგუფების წევრების ერთობლივი დაკავების ღონისძიებების ფარგლებში ქართველი და ფრანგი სამართალდამცველების წარმატებული თანამშრომლობა და 2018 წელს საფრანგეთის რესპუბლიკაში ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის კლების ტენდენცია.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და შესაბამისი რეფორმების განხორციელებას.

მხარეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული გამოწვევებიც განიხილეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და ამ კუთხით თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა.

გიორგი გახარიამ და ჟერარ კოლომბმა საუბრისას განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის უკანონოდ მყოფ პირთა რეადმისიის საკითხებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ქართული მხარის მიერ საფრანგეთიდან რეადმისიის შესახებ მოთხოვნების თითქმის 100%-ის შესრულებაში გამოიხატება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031