5-07-2018
პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" თბილისის საქალაქო სასამართლოში სირაქლემას მიყვანას გეგმავს. ამ მიზნით, ორგანიზაციის თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ თბილისის ზოოპარკის დირექტორს ოფიციალურად მიმართა: "გაცნონებთ, რომ ამა წლის 13 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ზურაბ ჯაფარიძის გადადებული პროცესი, რომელზეც ბ-ნ ზურაბს პოლიცია დაუმორჩილებლობასა და პოლიციისათვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს 12 მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, ზემოთაღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია და შსს-მ სასამართლოზე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, გარდა პოლიციელთა ცრუ ჩვენებებისა, სასამართლოსთან ჩვენი ურთიერთობის გამოცდილება არ გვიტოვებს იმედს, რომ პროცესი წარიმართებბა შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით და სასამართლოო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. გირჩი მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო და საერთო სასამართლოების სისტემა მთლიანად გადაქცეულია ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემად, რომელიც არ იმჩნევს ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის ამ რეალობის თვალსაჩინოდ დემონსტრირებისთვის, გთხოვთ, 13 ივლისისთვის, ნახევარი დღით გვათხოვოთ ერთი დედალი სირაქლემა. სირაქლემას ტრანსპორტირებას თბილისის საქალაქო სასამართლომდე და უკან ზოოპარკში, უზრუნველვყოფთ ჩვენ. ასევე, როგორც კი გვექნება თქვენი დასტური, ჩვენვე ჩავაყენებთ საქმის კურსში საპატრულო პოლიციას, რომ სირაქლემას ტრანსპორტირების დროს თავიდან ავიცილოთ ნემისმიერი შესაძლო ექსცესი. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიყოთ ერთი სირაქლემების პროფესიონალი მომვლელი, რომელიც ამ ნახევარ დღეს გაატარებს ჩვენთან ერთად, მოგვცემს რეკომენაციებს, დააკვირდება პროცესს და დარწმუნდება, რომ ცხოველის მიმართ ადგილი არ ექნება არაადამიანურ მოპყროობას. წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. ერთად შევქმნათ სამართლიანი სასამართლო საქართველოში!"-ნათქვამია "გიჩის" მიმართვაში. სულ ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ზოოპარკში სირაქლემა არ ჰყავთ. ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, სირაქლემას მსგავსი ფრინველი, რომელიც თბილისის ზოოპარკში ბინადრობს, ემუა.
18-12-2024