15-08-2022
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ნინო ბაქაქურის მიერ განხილულ საქმეებში არსებული დარღვევების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და განცხადებას აქვეყნებს.
„ეს განცხადება მომაწოდეს ჩემმა ახლობლებმა და მთხოვეს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილიყო იმ დარღვევების თაობაზე, რასაც ადგილი აქვს უზენაესი სასამართლოს კონკრეტული მოსამართლის, ნინო ბაქაქურის მხრიდან. ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი რომ არ დარჩეს, განცხადებას თან ერთვის ის დაუჯერებლად ცუდი სტატისტიკა, რომელიც ფიქსირდება აღნიშნული მოსამართლის საქმიანობაში. იმედი მაქვს, თავად ქალბატონი ბაქაქური პასუხს გასცემს ლეგიტიმურ შეკითხვებს, თუ რატომ ელოდებიან წლობით ადამიანები თავიანთი საქმეების განხილვას და ვერდიქტს - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
განცხადება
„დღეს ჩვენ გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ერთ-ერთ მოსამართლეზე, რომელმაც ჩვენი ახლობლების (რომლებიც თავიანთ ვინაობას შეგნებულად ვერ ასახელებენ, რომ კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდეს მათი სხვა საქმეები სასამართლოში, რომელთა ნაწილი ამჟამადაც იხილება იმავე მოსამართლესთან) მიმართ რამდენიმე საქმეზე უპრეცედენტო გულგრილობა თუ აგდებული დამოკიდებულება გამოავლინა.
უფრო კონკრეტულად კი, 2 დავას იგი წლების განმავლობაში არ იხილავდა, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში უკვე ამ მხარეს რომც მოეგო ეს დავა, უკვე მისთვის ინტერესს კარგავდა ეს შედეგი. უფრო მეტიც, რამდენიმე საქმე კი ფორმალურად დაასრულა, თუმცა აქაც უპრეცედენტო ვითრებაა: წლებია დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს არ წერს ეს მოსამართლე(3 საქმეზე 2 წელს აჭარბებს უკვე ეს ვადა, როცა ამისთვის მხოლოდ 1 თვიანი ვადა აქვს) და ასე აბუჩად იგდებს მხარეს და მის წარმომადგენელს. რა არ ვცადეთ: თანაშემწესთან არაერთხელ დარეკვა, რომელიც ყოველთვის ცივად და უხეში ტონით გვიშორებს: რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილება მზად და როცა იქნება, თვითონ გამოაგზავნიან. არაერთხელ მიმართეს საჩივრით იუსტიციის საბჭოს ინსპექტორს ზურაბ აზნაურაშვილს ]ამ წლების განმავლობაში, თუმცა რეაგირება საერთოდ არ ყოფილა მისი მხრიდან და მეტი უბრალოდ რაღა უნდა დააშავოს მოსამართლემ,რომ მას პასუხი მოეთხოვოს, თუმცა არც ინსპეტორმა და არც საბჭომ საერთოდ ყურიც კი არ შეიბერტყეს ამდენ საჩივარ-განცხადებაზე და ერთხელაც კი არ უპასუხიათ ზრდილობის გულუსთვის. ცხადია, რომ სავარაუდოდ კოლეგიურ სოლიდარობას იჩენენ მის მიმართ და რეაგირების გარეშე ტოვებენ ჩვენს საჩივრებს.
გარდა ამისა, სხვა რამდენიმე დავა ჰქონდათ ჩემს ახლობლებს, რომლებიც განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის სხვა მოსამართლემ, კერძოდ ზურაბ ძლიერიშვილმა, რომელმაც ბაქაქურის საპირისპიროდ, აჩვენა თუ როგორ სანიმუშოდ და პუნქტუალურად ასრულებს თავის სამოსამართლეო მოვალეობას და ასევე როგორი პატივისცემით და კორექტულად გამოირჩევიან ისიც და მისი თანაშემწე მხარეების მიმართ.
ჩვენ დავინტერესდით, ამგვარი უდიერი დამოკიდებულება მხოლოდ ჩვენს მიმართ ჰქონდა ქალბატონ ბაქაქურს, თუ ზოგადად ყველასადმი. ოფიციალურად გამოვითხოვეთ მისი და ბატონ ძლიერიშვილის ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები საჯარო ინფორმაციის სახით და მივიღეთ გამაოგნებელი სურათი. აქ არ არის საუბარი უკვე მოსამართლის მხრიდან კეთილსინდიერად მოვალეობის შესრულებაზე, ეს არის უკვე პრაქტიკულად უარის თქმა მართლმსაჯულების განხორციელებაზე და მხარეებისადმი დაცინვა.
1 თვეზე მეტია, რაც გამოთხოვილ იქნა შესაბამისი საჯარო ინფორმაცია, საიდანაც გამომდინარე, (რომელიც შეეხება 2017 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისის თითქმის ბოლომდე პერიოდს), მნიშვნელოვანია გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომელიც ნათლად ასახავს მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიერ განხორციელებულ სამოსამართლო საქმიანობას და იმ გარემოებას, თუ რამდენად შეესაბამება მის მიერ განხორციელებული საქმიანობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ - მართლმსაჯულების გონივრულ ვადაში განხორციელების პრინციპს.
მაგალითად, მოსამართლე ნინო ბაქაქურს 2022 წლის 28 ივნისს მდგომარეობით (2017 წლის იანვრიდან), კანონით განსაზღვრული 6 თვის ვადის პირობებში, - 2 წლამდე ვადის დარღვევით განხილული აქვს - 200 საქმე, 3 წლამდე ვადის დარღვევით 20 საქმე, ერთ წელზე მეტი ვადის დარღვევით კი - 308 საქმე, ჯამში მან (2017 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე) ვადის დარღვევით განიხილა - 560 საქმე, სადაც 45 პროცენტზე მეტ საქმეზე საქმის განხილვის ვადის დარღვევამ შეადგენდა - 2 წელი ან მეტი. ამდენად, 252 საქმეზე მხარეები საქმის განხილვის მოლოდინში იყვნენ - 2 წელზე მეტი ვადის განმავლობაში, ხოლო 308 საქმეზე - 1 წელზე მეტი ვადის განმავლობაში.
ამასთან, 2017 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე ნინო ბაქაქურის მიერ უკვე განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა დარღვეულია 626 საკასაციო საჩივარზე, 135 კერძო საჩივარსა და 39 შუამდგომლობაზე.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ დასრულებული 626 საქმიდან (2017 წლის იანვრიდან 2022 წლის 28 ივნისამდე) დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მომზადებული 271 საქმეზე, რომლიდანაც - 86 საქმე დასრულებულია - 2020 წელს, 127 საქმე - 2021 წელს, ხოლო 58 საქმე - 2022 წელს.
ამდენად, 213 საქმეზე მხარეები დასაბუთებული გადაწყვეტილების მოლოდინში არიან უკვე 2 წელია, მაშინ როდესაც მხარისათვის მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება ვერ უზრუნველყოფს მისი უფლების რეალიზებას და მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება/ჩაბარება დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების გარეშე ვერ ჩაითვლება მართლმსაჯულების განხორციელებად, შესაბამისად, ამ დრომდე 213 საქმეზე მხარეები სამართლიანი სასამართლოს უფლების მოსამართლის მხრიდან სათანადოდ რეალიზების მოლოდინში არიან.
ამასთან, უკვე მომზადებულ დასაბუთებულ გადაწყვეტილებებზე - ერთი თვიდან ერთ წლამდე ვადა დარღვეულია - 371 საქმეზე; 2 წლამდე ვადა - 209 საქმეზე, ხოლო 2-დან 3 წლამდე ვადა - 3 საქმეზე.
ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების პარალელურად ძალიან საინტერესოა სამოქალაქო პალატაში იმავე დატვირთვის მქონე სხვა მოსამართლის, მაგალითად მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილის სტატისტიკა.
მაგალითად, 2017 წლის იანვრიდან 2022 წლის 28 ივნისამდე, მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილმა ვადის დარღვევით განიხილა - სულ 1 საქმე (ვადის დარღვევა - 9 თვე).
ამასთან, უკვე განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადა დაირღვა მხოლოდ 14 საქმეზე (ერთი თვიდან ერთ წლამდე).
ამდენად, მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილის სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე და მის მიერ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევის ფაქტობრივად არ არსებობის პირობებში, ნათელია ის ფაქტი, რომ ნინო ბაქაქურის მიერ საქმეთა განხილვისა თუ დასაბუთებული გადაწყვეტილებების 2-დან 3 წლამდე ვადის დარღვევა განპირობებულია არა ობიექტური რეალობით, არამედ სხვა სუბიექტური ფაქტორებით, რაც პირდაპირ აზარალებს მხარეთა სამართლიანი სასამართლობას უფლებას და ფაქტობრივად უტოლდება მოსამართლის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას.
და ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლო დაკომპლექტებულია სრულად 28 მოსამართლით და მოსამართლეების ნაკლებობა ნამდვილად არ არის.
და ამ ყველაფერის მიუხედავად, კიდევ უფრო ცინიკურია ჩვენს არაერთ წერილზე თუ საჩივარზე, იუსტიციის საბჭოს და მისი ინპექტორის რეაგირების არქონა და ელემენტარულად პასუხის არგაცემა. ასეთი სისტემური დარღვევების პირობებში(რაც ბაქაქურს გააჩნია), თუ არ ხდება ელემენტარული რეაგირება, მაშინ უკვე მოსამართლეების თავგასულობას ზღვარი არ ექნება და საბოლოოდ გადაიქცევა მათი თვითნებობის და მხარეებისადმი აგდებულად დამოკიდებულების ასპარეზად სასამართლო სისტემა, რაშიც ხელშემწყობი ცხადია დისციპლინური ინპექტორი და იუსტიციის საბჭო იქნებიან.
ჩვენ კიდევ ვამუშავებთ დამატებით ინფორმაციას ამ მიმართულებით, არ დაგვისრულებია გარკვეული გარემოებების შესწავლა და მოგვიანებით ვაპირებდით საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას. თუმცა ჩვენი აღშფოთება და დროზე ადრე რეაქცია გამოწვია ტელესივრცეში გასულმა სიუჟეტმა, სადაც ნინო ბაქაქური წარმოჩენილია, როგორც სანიმუშო და მაღაკვალიფიციური მოსამართლე. ის მოსამართლე, რომელიც საქმეების განხილვის და შემდეგ მათზე გადაწყვეტილებების დაწერის ვადების კატასტროფული დარღვევებით პრაქტიკულად მართლმსაჯულების ინტერესს უკარგავს მხარეებს, ვერანაირად ვერ შეფასდება დადებითად და სხვა ქვეყნებში ადექვატური შეფასებაც მალევე ექნებოდა მის ამ ქმედებას მიცემული, თუმცა ჩვენთან პასუხის გაცემასაც კი არ კადრულობენ წლების განმავლობაში შესაბამისი ორგანოები მის ამ დარღვევებზე. ამ საკითხებზე მოგვიანებით კვლავ ვგეგმავთ მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, მას შემდეგ რაც საბოლოოდ შესაბამის მასალას დავამუშავებთ.
დასკვნები საზოგადოებისთვის მიგვინდია. ყველას გთხოვთ გაითვალისწინოთ და თვალი გადაავლოთ ზემოთ მოყვანილ სტატისტიკას, რამდენი მხარეა კიდევ გამწარებული ჩვენსავით ამ მოსამართლის საქმისადმი უდიერი და აგდებული დამოკიდებულებით. მათი ნაწილი ჯერ წლობით ელოდება მათი საქმის ჩანიშვნას და განხილვას, ხოლო მეორე ნაწილი კი საქმეზე გადაწყვეტილებების გამოტანის შემდეგ, ასევე წლობით ელოდება მათ დაწერას და გაგზავნას. თუმცა საბედნიეროდ არსებობენ ბატონი ზურაბ ძლიერიშვილის მსგავსი მოსამართლეები, რომლებიც თავიანთ სამოსამართლეო მოვალეობებისადმი სანიმუშო მიდგომით, პუნქტუალობით და კორექტულობით გამოირჩევიან“ - ნათქვამია განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024