გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ნაცმოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

23-08-2022

გვსურს გამოვეხმაუროთ  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა  ბოლნისისა და და მარნეულის  მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას და საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი, უპირველესად, გულისხმობს ლიცენზიანტის მიერ კონკრეტულ ტერიტორიულ არეალებში არსებული მარაგების შესწავლას, სასარგებლო  წიაღისეულის სახეობისა და ოდენობების განსაზღვრას და სახელმწიფოსთვის ანგარიშის წარმოდგენას, რისთვისაც 5 წლიანი პერიოდია განსაზღვრული - ამის შესახებ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. 


"შესაბამისად, ამ კვლევების ჩატარებამდე და ანგარიშის მომზადებამდე რომელიმე „ექსპერტის“ მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ იგეგმება ასობით ჰექტარი მიწის გადათხრა და ეკოლოგიური კატასტროფა, რბილად რომ ვთქვათ, არის პოლიტიკური ქულების მოპოვების უნიჭო მცდელობა და ტყუილი.


რეალური ვითარება ასეთია: სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ,  2022 წლის 30 მარტს სააგენტოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე,   2022 წლის  27 ივლისის N863/ს ბრძანებით, გამოაცხადა აუქციონი სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის გასაცემად.


სალიცენზიო არეალებია ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. ლიცენზია  მოქმედი იქნება  30 წლის განმავლობაში,  მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლისათვის და მარაგების დამტკიცებისათვის ლიცენზიის გაცემიდან 5 წელია განსაზღვრული.

აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს  3 000 000 (სამი მილიონი) ლარს, ლიცენზიის მიღების შემთხვევაში კი ლიცენზიის მაძიებელი ვალდებული იქნება შეასრულოს   დამატებითი სალიცენზიო ვალდებულებები, მათ შორის ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არა უმეტეს 5  წლის ვადაში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა;


გარდა ამისა, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში, ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ჯამურად უნდა განახორციელოს არანაკლებ  12 000 000 (თორმეტი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია, მათ შორის, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 16 თვის ვადაში ძებნა-ძიებითი სამუშაოებისთვის განახორციელოს არანაკლებ 3 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია;


გამოცხადებული აუქციონი   დასრულდება მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, 18.00 სთ-ზე. ამდენად, დღეის მდგომარეობით, აუქციონი მიმდინარეა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 141 პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია. 


აქვე აღვნიშნავთ, რომ  RMG ჯგუფი  არ ყოფილა დაინტერესებული მხარე, ის არ არის განმცხადებლებს  შორის და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც არასწორია" - აცხადებენ სააგენტოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930