7-07-2018
პირველი და აუცილებელი წესი, რომლის დაცვას ვითხოვ კომისიის წევრების მხრიდან, ეს არის, ერთი - პროცედურა და კანონი და მეორე - პატივისცემა საკუთარი სტატუსის და პატივისცემა კომისიის წევრების მიმართ, აცხადებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია.
„ის, რაც ახლა მოხდა ცოტა ხნის წინ, რომელიც გასცდა ყოველგვარ ფარგლებს და ყოველგვარ ზღვარს და გადადის უკვე პერსონალურ შეურაცხყოფებში, მე ძალიან პრინციპულად და კატეგორიულად ვითხოვ, ამ კომისიამ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სახე და მართლაც ჰქონდეს რაიმე მანდატი იმისა, რომ მიუთითოს ვინმეს, თუ კი ასეთ კანონდარღვევას აღმოაჩენს, შესაძლო დარღვევის თაობაზე, და დაადგინოს კანონდარღვევის ფაქტები, მან თავად უნდა სცეს პატივი მინიმალურ სტანდარტს. ეს არაფერში არ ჯდება, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება რაც აქ ხდებოდა სხდომის შეწყვეტამდე. მე როგორც ამ კომისიის წევრი, კიდევ ერთხელ მოგმართავთ და ძალიან პრინციპულად ვაყენებ საკითხს, თუ კი ასე გაგრძელდება სხდომა და კიდევ ერთხელ ადგილი ექნება მსგავს ქცევას, განსაკუთრებით, ქალბატონ ხოშტარიასთან დაკავშირებით მოგმართავთ, რომელიც ვერ აკონტროლებს თავს და პერსონალურ შეურაცხყოფებზე გადადის, ამას ის აკეთებს მიკროფონის გარეშე, ამას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, მიკროფონის გარეშე აკეთებს ადამიანი თუ მიკროფონში აკეთებს ასეთ რამეს, რაც ყოველგვარ ზღვარს ცილდება და საკუთარ თავს აყენებს პირველ რიგში შეურაცხყოფას. თუ ეს გაგრძელდება, მე უკვე გავაკეთებ სხვა ტიპის განცხადებას და საერთოდ მიმაჩნია, რომ უკვე აზრი არ ექნება ამ ფორმატში, ამ კომისიის ფარგლებში მუშაობას. შესაბამისად, დავასაბუთებ მერე რატომ და რა იქნება შემდეგი ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი ძალიან პრინციპული პოზიცია, შეინარჩუნოს ყველამ ელემენტარული ეთიკის სტანდარტი, იმისთვის, რომ აკმაყოფილებდეს იმ მანდატს, რისთვისაც ის აქ ზის. თუ არ იქნება შენარჩუნებული მუშაობის მინიმალური ფორმატი და წესი, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე აზრს ვეღარ ვხედავ იმ კომისიაში მუშაობისა, სადაც არც კანონს სცემენ პატივს, არც სტატუსს, არს საკუთარ თავს და არც კოლეგებს, არაფერს აღარ სცემენ პატივს. რაღაცას უნდა დავამსგავსოთ ეს კომისია", - განაცხადა ბესელიამ.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც სხდომის მიმდინარეობა დროებით შეწყდა.
18-12-2024