გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი სასანქციო სიაზე: არანაირი განმარტების გაკეთებას არ ვაპირებთ დაბრალებასთან დაკავშირებით - უკრაინას ვუსურვებთ გამარჯვებას, ეს ომი დასრულდება და დადგება საკითხი, ვინ ვის შეიძლება ჩახედოს თვალებში

9-09-2022

არანაირი განმარტების გაკეთებას არ ვაპირებთ დაბრალებასთან დაკავშირებით. ვუსურვებთ უკრაინას გამარჯვებას, ეს ომი დასრულდება და დადგება საკითხი, ვინ ვის შეიძლება ჩახედოს თვალებში, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ე.წ. სასანქციო სიას, რომელიც უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ შეადგინა.


მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხატია დეკანოიძემ და ელენე ხოშტარიამ თავადვე აღიარეს, რომ „ისინი არიან პოლიტიკოსები საქართველოს მხრიდან, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ".


„საქართველო ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანაა იმ კუთხით, თუ რა მხარდაჭერასაც ვუცხადებთ ჩვენ უკრაინას, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ვართ. საქართველოს არ აქვს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა, ან ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა, ჩვენი 20% არის ოკუპირებული და რამდენიმე კილომეტრში დგას 10 000 რუსი ჯარისკაცი. ეს საქართველო უცხადებს იმავე სოლიდარობას, როგორსაც უცხადებენ ნატო-ს თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, იმ ფარგლებში, რომელიც უსაფრთხოების კუთხით არის შესაძლებელი. გვითხარით საკითხი, რა შეეძლო კიდევ გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას და არ გააკეთა, დღემდე ამაზე პასუხი არ არსებობს.


ეს სქემა როგორ მუშაობს, დიდი ანალიზი არ სჭირდება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხატია დეკანოიძემ და ელენე ხოშტარიამ თავადვე აღიარეს, რომ ისინი არიან პოლიტიკოსები საქართველოს მხრიდან, რომლებიც მუშაობენ საქართველოს წინააღმდეგ. ინფორმაციულ კოლაჟებს აკეთებენ და პარტიულ პარტნიორებთან უკრაინაში აქვთ გაცვლა-გამოცვლა. ეს ადამიანები, არიან სახე საქართველოს შესახებ ყალბი აღქმების შექმნის, ყოველდღე აგენერირებენ დეზინფორმაციას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რაც შემდეგ რეპუტაციულად ურტყამს ჩვენს ქვეყანას, სასურველი სანქციების სიაში აისახება და ჩვენ გვიწევს განმარტების გაკეთება.


არანაირი განმარტების გაკეთებას არ ვაპირებთ დაბრალებასთან დაკავშირებით, ვუსურვებთ უკრაინას გამარჯვებას, ეს ომი დასრულდება და დადგება საკითხი, ვინ ვის შეიძლება ჩახედოს თვალებში იმ საქმისთვის, რომლითაც ცდილობდნენ გაეფუჭებინათ ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობა. გარდა 3-4 უკრაინელი პოლიტიკოსისა და სახეებისა, ურთიერთობა მაგალითად პარლამენტებს, თუ მეგობრების ჯგუფებს შორის არის დადებითი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ სანქციების ნუსხაში ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა შეიყვანა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, დასანქცირებულია 15 ადამიანი: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ალექსეი პოლტაშენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორძაევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930