გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისის განცხადება „პარლამენტზე პირდაპირი შეტევა და საპარლამენტო ერთობაზე დარტყმა იყო“

9-09-2022

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისის განცხადება პარლამენტზე პირდაპირი შეტევა და საპარლამენტო ერთობაზე დარტყმა იყო.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში რამდენიმე დეპუტატმა თუ პარტიამ აღნიშნულ საკითხზე პოზიცია შეიცვალა.

„ძალიან ცუდი როლი ითამაშა გუშინ ომბუდსმენის ოფისის განცხადებამ, ძალიან გამიკვირდა ეს განცხადება. ფაქტობრივად, ეს იყო პარლამენტზე პირდაპირი შეტევა, რაც ჩვენ გუშინ ომბუდსმენის განცხადების კუთხით ვნახეთ. გუშინ პარლამენტმა ფაქტობრივად თანხმობით პირველი მოსმენით მივიღეთ, რამდენიმე წუთი თუ საათი იყო გასული ამ გადაწყვეტილებიდან და ომბუდსმენის ოფისი, არა თავად ომბუდსმენის, არამედ ომბუდსმენის განცხადებასავით გამოქვეყნდა, რომელიც არც კი აღნიშნავს, რომ მისასალმებელია შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღება. პირდაპირ იწყებს ამ გადაწყვეტილების დისკრედიტაციით, რაც ფაქტობრივად, რადიკალური ოპოზიციის ნაწილისთვის სიგნალი იყო, რომ დღეს იგივე კანონისთვის, რომელიც გუშინ გვქონდა და რომელშიც გათვალისწინებული არის ზუსტად ის შენიშვნები, რომელიც მათ ჰქონდათ, დღეს მხარი არ დაეჭირათ. რამდენიმე საათში პოზიცია შეცვალეს. ეს არის საპარლამენტო ერთობაზე დარტყმა. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ერთხმად იყო გადაწყვეტილება მიღებული, მათ შორის ოპოზიციიდან თითქმის ყველამ ერთხმად მხარი დაუჭირა, შემდეგ ვნახეთ განცხადება, რომელიც პირდაპირ დარტყმა იყო ამ ერთობაზე. საბოლოოდ, ვნახეთ, რომ რამდენიმე საათში პოზიცია შეიცვალა რამდენიმე დეპუტატმა თუ პარტიამ. გუშინ „სტრატეგია აღმაშენებელი“ რომ ითხოვდა საკითხს, მოდი, ეს აქ ჩავსვათ და მერე მხარს დავუჭერო, ჩავსვით და მხარი არ დაუჭირეს ისე, რომ ამის თაობაზე არავითარი განმარტება არ აქვთ. ეს გვაფიქრებინებს, რომ არის პროცესი, რომლითაც ცდილობენ, თანხმობით გადაწყვეტილების მიღება ჩაშალონ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.


ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი შეფასებით, წარმოდგენილი პროექტით სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.


ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებით, კანონპროექტის წინამდებარე ვერსიის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე მიეცემა შესაძლებლობა კანონისაგან განსხვავებულად განსაზღვროს კანდიდატის წარმდგენი სუბიექტების წრე, რაც შეკითხვებს წარმოშობს როგორც კანონის უზენაესობის, ისე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930