12-09-2022
2022 წელს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5%-მდე გაიზარდა - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.2022 წელს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5%-მდე გაიზარდა - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, დაახლოებით, 700 მილიონი ლარით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები კი, მილიარდ 266 მილიონით იზრდება.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, პანდემიის შემდგომ საქართველოს ეკონომიკამ გასული წლის მეორე კვარტლიდან მნიშვნელოვანი აღდგენა დაიწყო და საბოლოოდ, 2021 წელს ორნიშნა 10.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 64,8 მლრდ ლარს შეადგენდა.
„6%-იანი ზრდის შემთხვევაში, პროგნოზირებული იყო, რომ საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი გაიზრდებოდა დაახლოებით, 13%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი იქნებოდა 70%-ის ფარგლებში. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამ, პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, რისკები შექმნა და რომ არა ჩვენი სწორი პოლიტიკა, შესაძლებელია, დღეს არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც გვქონოდა“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა განვლილ პერიოდში არსებულ პარამეტრებზეც ისაუბრა.
„საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 36,4%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი 2,2 მლრდ აშშ დოლარია, რაც 34%-ით მეტია 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნის ეკონომიკაში შეადგენს 1,6 მლრდ აშშ დოლარს, რაც 3,2-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. თუ 2019 წელთან მიმართებით გავაანალიზებთ, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის მაჩვენებელი შვიდ თვეში 87%-ს აღემატება, მათ შორის, იანვარ-აპრილში აღდგენის საშუალო მაჩვენებელი 68% იყო, ხოლო მაისი-ივლისის პერიოდში საშუალო მაჩვენებელმა 100%-ს გადააჭარბა. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლის პირველ კვარტალში 922,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 62,4%-ით აჭარბებს. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები იანვარ-ივლისის პერიოდში გაზრდილია 21%-ზე მეტით. სწორედ ამ მაჩვენებლების შედეგია, რომ პირველ შვიდ თვეში გვაქვს კვლავ ორნიშნა – 10.3%-იანი ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, შეიცვალა ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების წლიური პროგნოზებიც.
„განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები ითვალისწინებს - რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს 8,5%-ის ოდენობით, ნაცვლად მანამდე არსებული 6%-ისა, ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 10,5%-ს. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 72,2 მლრდ ლარამდე, რითაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 6 500 დოლარს აჭარბებს, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 1 266,0 მლნ ლარის ოდენობით და განისაზღვრება 16 824,0 მლნ ლარის ოდენობით“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია ორი ძირითადი მიზნის მიღწევაზე - ესაა ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება.
„პირველი არის მაკროეკონომიკური პარამეტრების კიდევ უფრო გაუმჯობესება, რაც ქვეყნისთვის მდგრადი და გრძელვადიანი ზრდის აუცილებელი პირობაა და მეორე ესაა მიმდინარე საჭიროებებზე დამატებითი ფინანსების გამოყოფა. 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, 2022 წელს ჩვენ ვიღებთ 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს, ვიდრე ბიუჯეტით გვქონდა დაგეგმილი და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე, რაც იმაზე უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე ქვეყანას ჰქონდა პანდემიამდე პერიოდშიც კი. მთავრობის ვალის შემცირება 60%-დან უსაფრთხო - 40%-იან ნიშნულამდე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნისთვის. ამასთანავე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებით მიიმართება, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, სოციალური და სხვა მიმართულებებით.
ამ კუთხით დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს დამატებითი თანხების მიმართვას შემდეგი მიმართულებებით: წელს სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან გავზარდეთ 50 ლარით და განისაზღვრა ყოველთვიურად 150 ლარით, რისი დაფინანსებისთვისაც გამოიყოფა 86 მლნ ლარზე მეტი; მიმდინარე წელს დაიწყო საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, რომლისთვისაც გამოიყოფა 40,0 მლნ ლარამდე; ჯანდაცვის პროგრამებზე დამატებით გამოიყოფა 80,0 მლნ ლარი, მათ შორის, კორონავირუსის (COVID-19) მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის დამატებით გამოიყოფა 45,0 მლნ ლარი;მცირემიწიან ფერმერთა სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებით დახმარებისთვის გამოიყოფა 40,0 მლნ ლარი; რთველის დასაფინანსებლად დამატებით – 40,0 მლნ ლარი გამოიყოფა; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სხვა პროგრამების დასაფინანსებლად დამატებით – 70,0 მლნ ლარი, მათ შორის, 55,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია შეღავათიანი აგროკრედიტების დასაფინანსებლად; თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 80,0 მლნ ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცების ბინების მშენებლობა, ასევე, გაგრძელდება თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება;
თბილისში იწყება პოლიციის ქალაქის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც 1100-ზე მეტი ბინის მშენებლობა განხორციელდება; სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვის მიზნით, გამოიყოფა 50,0 მლნ ლარი;სპორტის ხელშეწყობის და მიღწეული შედეგების შესაბამისად, სპორტსმენთა დაჯილდოების მიზნით, დამატებით გამოიყოფა 43,0 მლნ ლარი; ქ. თბილისსა და მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსფერი იზრდება 65,0 მლნ ლარით, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებით გამოიყოფა 130,0 მლნ ლარი.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების საგადასახადო შემოსავლები თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 160,0 მლნ ლარამდე, რომლის დიდი ნაწილი, ასევე, მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 80,0 მლნ ლარით, რაც მოხმარდება 2023 წელს საქართველოში დაგეგმილი, ფეხბურთში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ჯამში, წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოვყოფთ თითქმის, 6 მლრდ ლარს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისა ქვეყანაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება დოკუმენტის განხილვა საქართველოს პარლამენტში.
16-11-2024
16-11-2024