გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
"ხუთმა ბავშვმა აღიარა, რომ მათზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა"-რა პირობებში არიან თურქეთში სამუშაოდ წასული ბავშვები

10-07-2018

საქართველოში უმუშევრობის პრობლემა რომ მწვავედ დგას, ყველამ იცის. ამიტომაც თურქეთში სამუშაოდ ბევრი ქართველი მიდის. განსაკუთრებით მაისიდან ეძებენ თურქები მუშახელს, რადგან ჩაის კრეფის სეზონი იწყება და უმუშევარი ადამიანებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სწორედ სეზონურად ჩადიან იქ. ზოგი შუამავლის დახმარებით ეძებს სამსახურს და ამაში ერთი თვის საფასურს დამსაქმებელს უხდის. ძირითადად, 3 თვით გადიან, მერე უკან ბრუნდებიან და გარკვეული ხნის შემდეგ, ისევ მიდიან. აგვისტოში თხილის პერიოდი დგება და შემოდგომამდე სამუშაოს შოვნა არ უჭირთ. როგორც ირკვევა, აჭარისა და გურიის მოსახლეობის ნაწილს იქ სამუშაოდ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებიც მიჰყავთ. ამან ისეთი მასობრივი სახე მიიღო, რომ 13-14 წლის ქართველ ბავშვებს მრავლად ნახავთ თურქეთში. ზოგი მეზობელსაც ატანს საკუთარ შვილს.


იქმნება თურქეთში სამუშაოდ წამსვლელთა ჯგუფები, რომელთაც ხელმძღვანელები ჰყავთ და მშობლები ასეთ ადამიანებსაც ანდობენ თავიანთ პატარებს. საზღვარზე რომ მოზარდი უპრობლემოდ გადავიდეს, აუცილებელია მშობლის თანხმობა. ასეთ თანხმობას ნოტარიუსისგან იღებენ და ასეთი მინდობილობით მიჰყავთ პატარები თურქეთში.


როგორც ამბობენ, პატარებს დღეში 30-დან 60 თურქულ ლირამდე უხდიან, ფულს მათ გამოცდილების მიხედვით აძლევენ. მშობლები ბავშვებს სკოლასაც აცდენინებენ და მაისის დასაწყისიდან უშვებენ სამუშაოდ.


ის არასრულწლოვნები, ვინც თურქეთში ვერ მიდიან, ზაფხულში აჭარაში, ზღვის სანაპიროზე მცხუნვარე მზეში სხვადასხვა გასაყიდი პროდუქტით დატვირთულები დადიან.


ცალკე პრობლემაა ქვეყანაში არასრულწლოვანთა პროსტიტუცია. აჭარაში, ზაფხულის სეზონზე ეს პრობლემაც თვალში საცემია. რაც შეეხება არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დაცვას, ამ კუთხით ბევრი რამეა გასაკეთებელი. თუმცა სახელმწიფო იმასაც ვერ აკონტროლებს, სკოლის ნაცვლად არ აღმოჩნდეს მოზარდი თურქეთში, რთულ სამუშაოზე.


თინა შაინიძე, აჭარის მცხოვრები:


- ჩვენთან სამუშაო არ არის, ამიტომ ყველა თურქეთში გარბის. მეც დავდივარ ჩაის საკრეფად, სხვა გზა არა მაქვს, ძალიან მიჭირს. თუმცა, შვილი არასოდეს წამიყვანია. ჩემს მეზობლებს მიჰყავთ შვილებიც და ამუშავებენ. ჩაის კრეფა ბავშვს კი არა, დიდებს გვიჭირს, მაგრამ მუშაობენ იმ პატარა ხელებით თაკარა მზეში. განსაკუთრებით თხილის სეზონზე მიჰყავთ შვილები ან სხვებს ატანენ, რადგან თხილის კრეფას ბავშვები უფრო იოლად ახერხებენ. სკოლის ნაცვლად იქ გარბიან, როცა მთელი ოჯახი მუშაობს, მერე საკმაო თანხა უგროვდებათ. ძალიან უხეშები არიან თურქები, ამიტომ მგონია, რომ იქ შვილი არ უნდა გაუშვა. არადა, ბევრი სრულიად უცხო ადამიანთან ან მეზობელთან უშვებს ბავშვს და არ ფიქრობს, რომ შეიძლება მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი გახდეს.


- ძალადობენ ბავშვებზე?


- თუ ბავშვს დამცველი არ ჰყავს გვერდით, იძალადებს, აბა, რა იქნება. საშინელი ამბები მსმენია, თუმცა ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს. თუ არ მოეწონა შენი გაკეთებული საქმე, შეუძლია ფულიც არ გადაგიხადოს და ისე გამოგაგდოს. ვინ მოსთხოვს პასუხს? ასე დიდებს ექცევიან და პატარას თუ დაუცველს ნახავს, რას უზამს? მინახავს 12 წლის ბავშვები მშობლების გარეშე რომ შრომობდნენ, მშობლები სახლში ისხდნენ და ელოდნენ, შვილი ფულს რომ ჩამოუტანდა. თვითონ ბავშვები ფულს რომ იღებენ, უხარიათ, ბედნიერები არიან. გაცვივდებიან მაღაზიებში, ყიდულობენ ტკბილეულს, ტანსაცმელს, ტელეფონს და უხარიათ. ყველა გაჭირვებული მიდის იქ, აბა, დალხენილი ხომ არ წავა? მერე ბავშვი ფულის გემოს რომ გაიგებს, ხელმეორედ წასვლის სურვილი უჩნდება. წელზე ფეხს ვიდგამ, რომ ჩემს შვილებს საჭმელი ჰქონდეთ და იქ მათ თანატოლებს რომ ვხედავ, ასეთ მცხუნვარე მზეში რომ დგანან და შრომობენ, სულ მათ მშობლებზე ვფიქრობ. მაინც მგონია, რომ ასეთი შრომისთვის ცოდოები არიან. ეს ძალიან მძიმე შრომაა. ზოგი ამბობს, შვილებს მუშაობას ვაჩვევთო, ზოგი ძალიან დათრგუნვილია და თავის ცხოვრებაზე არ ლაპარაკობს, კონტაქტში შემოსვლაც უჭირს. ბევრი თვალცრემლიანიც მინახავს, რომ იღლება და ძალა აღარ აქვს, ტირის. მიზეზს რომ ვეკითხები, ლაპარაკიც არ უნდა. ძალიან მძიმე შრომა ასეთი პატარებისთვის გამანადგურებელია. ენგრევათ ჯანმრთელობაც და ერყევათ ფსიქიკაც.


სალომე ჭიჭინაძე, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სოციალური მენეჯერი:


- ჩვენ გურიის რეგიონში ვმუშაობთ და ვკურირებთ სამოქალაქო განათლების ცენტრს, მოდიან მოზარდები და ბავშვთა უფლებებზე იღებენ ინფორმაციას. ერთ-ერთ შეხვედრაზე, როცა ბავშვთა შრომით უფლებებზე იყო საუბარი, მოზარდმა აღნიშნა, - თურმე ჩემი უფლება ირღვეოდა, როდესაც მშობლებთან ერთად გადავდიოდი თურქეთში და იქ ჩაის ვკრეფდიო. ილაპარაკა, ყოველ სეზონზე როგორ ამუშავებდნენ თხილისა და ჩაის პლანტაციებში და როგორი მასობრივი ხასიათი ჰქონდა ამას. კვლევა ჩავატარეთ 2015 წელს. ორგანიზაციის პარტნიორი იყო სოციალური ანალიზისა და კვლევის ინსტიტუტი. 223 რესპონდენტი გამოვკითხეთ, ყველა უკვე სრულწლოვნები იყვნენ, მაგრამ ჰყვებოდნენ, 14-17 წლისები როგორ იყვნენ ამ შრომაში ჩაბმულები. ამბობდნენ, რომ მატერიალური მდგომარეობა ჰქონდათ მძიმე და მათი ინტერესი იყო, ფული ეშოვათ. გვიყვებოდნენ, როგორ ყიდულობდნენ ამ ფულით საყოფაცხოვრებო ნივთებს. ამბობდნენ, რომ გამოცდილებასთან ერთად, ყოველ წელს უმჯობესდებოდა სამუშაო პირობები.


- დამსაქმებელი დაპირებულ თანხას უხდიდა?


- დამსაქმებლები ძირითადად სიტყვიერ შეთანხმებას დებდნენ, მათი თქმით, ეს შეთანხმება არ ირღვეოდა. თუმცა იმასაც ამბობდნენ, რომ არანორმირებული გრაფიკით მუშაობა ღია ცის ქვეშ, წვიმასა და მზეში უხდებოდათ. დაახლოებით ექვსმა თქვა, ისე შეერყა ჯანმრთელობა, რომ მერე ვეღარ შეძლო იმავე სამუშაოს შესრულება. არც ის დაუმალავთ, რომ სკოლას აცდენდნენ და ამაზე სკოლა არ რეაგირებდა. გამოვკითხეთ ქობულეთის, ლაითურის ნასაკირის თემი, ჩოლოქის მეურნეობა. რესპონდენტის შერჩევა ხდებოდა ე.წ. თოვლის გუნდის მეთოდით, ანუ ერთი გამოცდილების მქონე გვაწვდიდა ინფორმაციას მათ თანატოლზე. ასე მითითებით მივაგენით 223 რესპონდენტს. ყველა ამბობდა, პირველად მშობლებთან ერთად წავედიო. მეორე, მესამე და შემდგომ ვიზიტებზე კი უკვე ბავშვებს მინდობილობით მეზობელს, თანასოფლელს ან ნაცნობს ატანდნენ. არასრულწლოვნები იმასაც ამბობდნენ, საზღვრის დაცვის სამსახური საბუთებსაც არ გვთხოვდაო. არც დამსაქმებელს მოუთხოვია თანხმობები თურქეთში. იქ ასეთი რეგულაცია მოქმედებს: თუ დამსაქმებელი წლამდე ვადით ასაქმებს ვინმეს, სრულწლოვანი იქნება ეს თუ არასრულწლოვანი, მასთან ხელშეკრულების გაფორების ვალდებულება არა აქვს. ბავშვები ამბობდნენ, სამუშაოდ თურქეთში რომ მივდიოდით, ეს ოჯახის წევრების გარდა არავინ იცოდაო, მაგრამ რას აკეთებდა სკოლა, როცა მოსწავლე გაკვეთილზე არ იჯდა?
კვლევის შემდეგ გავესაუბრეთ პედაგოგებს და გაირკვა, რომ მათაც და სოფლის რწმუნებულებმაც ყველაფერი იცოდნენ. ფაქტობრივად, სოფლები ცარიელდება სეზონზე. ყველა თურქეთში მიდის ფულის საშოვნად. ყველამ კარგად იცის, როცა ბავშვი გადადის საზღვარზე, ის სამუშაოდ მიდის და არა - სამოგზაუროდ.


- ძალადობის ფაქტებზე არ ჰყვებიან?


- 5-მა ახალგაზრდამ აღიარა, მათ ისლამური სახელმწიფოს სამხედრო შენაერთებში გაწევრება შესთავაზეს. 5 რესპონდენტი აღნიშნავდა, რომ მათზე გარკვეული ხასიათის სექსუალური ძალადობა გამოავლინეს. 4 ამბობდა, ერთჯერადად იძალადეს მათზე, მაგრამ არ აკონკრეტებდნენ დეტალებს. რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ უკეთესი მომავლის იმედი დაკარგული აქვთ. ამას ემატება ოჯახის მძიმე მდგომარეობა, მოზარდი ფულის ყადრს რომ გაიგებს, იმასაც კიდევ უჩნდება წასვლის სურვილი. ეს წახალისებაა. სკოლაში აღარ დადიან და განათლებას ვერ იღებენ. არადა, მათი მომავალი ცხოვრება ხომ განათლებაზეა დამოკიდებული. მშობელი ვალდებულია, შვილის უფლებები დაიცვას და თუ ამას მშობლები არღვევენ, მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა ჩაერთონ ამაში. ბავშვები თვლიან, რომ აკადემიური მოსწრება მაღალი არა აქვთ და ამიტომ განათლება უნდათ ჩაანაცვლონ სამუშაოთი. მათ ფაქტობრივად, უნდა გაწირონ თავი და იქცნენ მონებად.


- რა რეკომენდაციები აქვს თქვენს ორგანიზაციას?


- აღმოჩნდა, რომ ქვეყანას არა აქვს საკანონმდებლო რეგულაცია იმ დონეზე, რომ არასრულწლოვნების შრომითი მიგრაციის პრაქტიკა დაარეგულიროს. აქტუალურია დღეს თურქეთი, მაგრამ ხვალ შეიძლება აზერბაიჯანის, სომხეთის მიმართულებითაც გაჩნდეს პრობლემა და იქაც წავიდნენ ბავშვები სამუშაოდ. ჩვენი მთავარი რეკომენდაცია იყო, რომ შექმნილიყო დოკუმენტი, რომელიც ამ საკითხებს დაარეგულირებდა. ოფიციალური მიმართვები გავგზავნეთ პარლამენტში, "ჯანდაცვაში", განათლების სამინისტროში, სახალხო დამცველის აპარატში, თურქეთის საელჩოში და ვთხოვდით, რომ სახელმწიფო უწყებას შეექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებს შეისწავლიდა და პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ უკვე სამი წელი გავიდა და არც ერთი უწყებიდან ჩვენს ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია.


ჩვენ მარტო გურიის რეგიონში ვმუშაობთ ჯერჯერობით, მაგრამ პრობლემა მწვავედ დგას აჭარაშიც. მშობლები ამბობენ, რომ უკეთესი ალტერნატივა არა აქვთ. ეს პრაქტიკა გრძელდება, შეიცვალა მხოლოდ ის, რომ არასრულწლოვნების გადასვლას საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ახლა უფრო მეტად ამოწმებს. უკან დააბრუნეს რამდენიმე არასრულწლოვანი, მაგრამ ფაქტია, მრავლად არიან ჩვენი ბავშვები თურქეთში. მშობლებთან ძალიან ბევრია სამუშაო, მათ არა აქვთ გააზრებული, რა რისკებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი.


- ანაზღაურებას უხდიან ბავშვებს?


- არავის უთქვამს, რომ დაპირებული თანხა არ გადაუხადეს, მაგრამ რთულ სამუშაო პირობებზე მიუთითებენ. ანაზღაურების ოდენობა არის 30-დან 60 თურქულ ლირამდე დღეში. რომ გაიწაფებიან, შემდგომში ეს თანხა იზრდება. მხოლოდ 3 მათგანი ამბობდა, რომ ანაზღაურება არ მისცეს. ყველა ბავშვი ძირითადად რიზესა და ორდუში, საზღვრისპირა ქალაქებში მიჰყავთ სამუშაოდ. საერთოდ, არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის პრობლემა მწვავედ დგას საქართველოში. ჩვენ ვხედავთ, მოზარდები ქუჩაში როგორ ყიდიან ნივთებს. ასეა თბილისში და ზაფხულში ეს თვალში საცემია ზღვისპირა ქალაქებშიც. მთავრობამ გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს, კანონი უნდა გაამკაცროს, რათა ეს არ გაგრძელდეს. განსაკუთრებით დიდი სამუშაოა ჩასატარებელი სკოლებში - ყოველმა მასწავლებელმა იცის, როდის და რისთვის აცდენს გაკვეთილს მისი მოსწავლე, ამიტომ სოციალურ მუშაკებს უნდა მიმართონ, მათ კი სახელმწიფოს, რომელმაც კანონით არ უნდა დაუშვას მცირეწლოვანთა უცხოეთში გადინება, მძიმე შრომისათვის. უნდა ავუხსნათ მშობლებს, რომ ასე არ შეიძლება და მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოზარდებსაც თავიანთ უფლებებზე. სამუშაო მართლა ბევრია, ეს პრობლემა სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს.




gza.kvirispalitra.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930