გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ გურამიშვილი: საერთაშორისო ციფრული კავშირების და მონაცემთა გაცვლის ცენტრების განვითარება საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტია

14-09-2022

საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი, რომელიც საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჩატარდა, დეკლარაციის მიღებით დასრულდა.


სამიტის მონაწილეებს ტექსტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა წარუდგინა.


„საერთაშორისო ციფრული კავშირების და მონაცემთა გაცვლის ცენტრების განვითარება საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამიტის ფარგლებში განხორციელებული დიალოგები და ორმხრივი შეხვედრები დასრულდეს კონკრეტული შედეგებით, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას უფრო ძლიერი საერთაშორისო ციფრული დერეფნების და მონაცემთა გაცვლის ცენტრების განვითარების მიმართულებით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობა აღნიშნულ საკითხზე," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


რაც შეეხება სამიტზე მიღებულ დეკლარაციას, მას მხარი დაუჭირა სამიტზე წარმოდგენილმა ყველა ქვეყნის დელეგაციამ. განცხადების თანახმად, დიჯიტალიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველა ეკონომიკური სექტორისთვის და ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების უზარმაზარი პოტენციალის უზრუნველყოფით არის ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესების დამაჩქარებელი. „მხარეები მიესალმებიან და ხაზგასმით აღნიშნავენ რეგიონალური და საერთაშორისო ინიციატივების მნიშვნელობას ციფრული კავშირის გასაძლიერებლად, როგორიც არის მაგალითად, აზია-წყნარი ოკეანის საინფორმაციო სუპერმაგისტრალის პროექტი, EU4Digital პროგრამა, ისევე როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და სხვ." - აღნიშნულია დეკლარაციაში.


სამიტზე მიღებულ განცხადებაში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული საერთაშორისო ინტერნეტ კავშირის გაუმჯობესების დადებით ზეგავლენაზე ფართოზოლოვან ბაზარსა და ეკონომიკაზე, რაც აისახება საცალო ინტერნეტ სერვისების ფასის კლებაზე, ტრანსასაზღვრო ციფრული სერვისების ინტეგრაციაზე (ფინანსები, ვაჭრობა, ლოგისტიკური პლატფორმები) და სხვ. „საერთაშორისო ინტერნეტ კავშირისა და მონაცემთა ცენტრების საერთაშორისო ბაზარს სამხრეთ კავკასიაში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, სადაც ძირითადი შესაძლებლობები ჯერ კიდევ გასაანალიზებელია რეგიონის სტრატეგიული მდებარეობის, განვითარებული სატელეკომუნიკაციო ბაზრების და კარგად ჩამოყალიბებული სავაჭრო, ლოგისტიკისა და ფიზიკური კავშირის ქსელების გათვალისწინებით," - ნათქვამია დეკლარაციაში.


თბილისის სამიტში მონაწილეობა მიიღო ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებმა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჩატარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930