გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, PACE-ს ყოფილი თავმჯდომარე და „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი პედრო აგრამუნტი ГРУ-ს გავლენის აგენტი იყო

17-09-2022

მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიე“ და EUobserver ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოქმედ და ყოფილი პრეზიდენტებს რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) გავლენის აგენტობაში ამხელენ.


როგორც ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, კრემლის ინტერესებს PACE-ს რამდენიმე მაღალჩინოსანი ატარებდა, მათი კოორდინატორი კი ГРУ-ს თანამშრომელი ვალერი ლევიცკი იყო. ლევიცკი სტრასბურგში რუსეთის გენერალური კონსული იყო, თუმცა 2018 წელს ის საფრანგეთიდან დიპლომატისთვის შეუფერებელი საქმიანობისთვის გააძევეს.


ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, PACE-ში კრემლის მოკავშირეები არა მხოლოდ ასრულებდნენ ГРУ-ს თანამშრომლის მითითებებს, არამედ საკუთარ ინიციატივებსაც იჩენდნენ.


ლევიცკის სახელთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ესპანელი პედრო აგრამუნტია, რომელიც 2000 წლიდან საპარლამენტო ასამბლეის წევრი, 2016-2017 წლებში კი PACE-ს თავმჯდომარე იყო. 2017 წელს აგრამუნტი რუსულ დელეგაციასთან ერთად სირიაში ჩავიდა და ბაშარ ასადს შეხვდა, რასაც მისი მისამართით მძლავრი კრიტიკა მოჰყვა.


ამ სკანდალის შემდეგ ლევიცკის წინაშე დადგა ამოცანა, როგორმე დახმარებოდა აგრამუნტს თანამდებობის შენარჩუნებაში. „დოსიეს“ განკარგულებაში აღმოჩნდა ანგარიშები, რომლებსაც ლევიცკი თავის ხელმძღვანელობას უგზავნიდა.


ლევიცკის აზრით, აგრამუნტს თანამდებობის შენარჩუნებაში კიდევ ერთი გავლენის აგენტი, PACE-ს ყოფილი თავმჯდომარე რენე ვან დერ ლინდენი უნდა დახმარებოდა. 2017 წლით დათარიღებულ დოკუმენტში ლევიცკი ასახელებდა კონკრეტულ მექანიზმს, რომელშიც გარკვეული როლები ვან დერ ლინდენს და PACE-ს კიდევ ერთ გავლენიან წევრს, ტინი კოქსს უნდა შეესრულებინათ.


„თუ პედრო სისუსტეს არ გამოიჩენს და თვითონ არ გადადგება, მისი ვადის ბოლომდე მიყვანის მხოლოდ ერთ საშუალებას ვხედავ. უნდა გამოვიდეთ ინიციატივით, გაიგზავნოს შესაბამისი მიმართვა ვენეციის კომისიაში, რათა მათ განმარტონ ევროპის საბჭოს წესდების მუხლი, რომელშიც ნათქვამია რომ PACE-ს თავმჯდომარეობა არჩევითია და ის თანამდებობაზე მომდევნო რიგითი სესიის დაწყებამდე რჩება. ვენეციის კომისიის სხდომა 16-17 ივნისს გაიმართება, მომდევნო კი მხოლოდ ოქტომბერში. ამ მოთხოვნის გასაგზავნად გვჭირდება 2-3 პოლიტიკური ჯგუფის ლიდერების მხარდაჭერა. ვფიქრობ, რენეს [ვან დერ ლინდენი] შეუძლია, გაესაუბროს კოქსს და [აქსელ] ფიშერს“, - წერდა ლევიცკი.


თუმცა, ეს გეგმა ვერ განხორციელდა, ვინაიდან საზაფხულო არდადეგების შემდეგ აგრამუნტმა „სისუსტე გამოიჩინა“ და გადადგა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930