21-09-2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 სტუდენტს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი სწავლის საფასურს დაუფინანსებს.
ამის შესახებ არქიმანდრიტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვატოპედის მონასტრის დელეგაციის წევრები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. სტუდენტებთან შეხვედრის მთავარი თემა იყო „რატომ ვერ ვხედავთ ღმერთს?“ შეხვედრის ბოლოს არქიმანდრიტმა კითხვებს უპასუხა. ამასთან ერთად, არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად წიგნები გადმოსცა.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, არქიმანდრიტი ეფრემი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკვე მესამედ სტუმრობს. „ეს არის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მამა ეფრემის მესამე ვიზიტი თსუ-ში. ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. გარდა ამისა, მამა ეფრემმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად წიგნები გადმოსცა, ჩვენს 10 სტუდენტს კი სწავლას დაუფინანსებს,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
ათონელი მამები (ვატოპედელები) არქიმანდრიტ ეფრემის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2011 და 2018 წლებში სტუმრობდნენ. გასულ წლებში თსუ სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართული შეხვედრების მთავარი თემა „ათონის მთა და ქართველობა“ იყო.
„რატომ ვერ ვხედავთ ღმერთს?“ დღეს ძალიან აქტუალური თემაა, რაზეც სტუდენტებთან გვქონდა საუბარი. რადგან ასე დავმეგობრდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გადავწყვიტეთ 10 სტუდენტს ყოველწლიურად სწავლის საფასური დავუფინანსოთ,“ - აღნიშნა არქიმანდრიტმა.
არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის და ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 15 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში არიან ამავე მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერებიც.
16-11-2024
16-11-2024