22-09-2022
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადება მისთვის სამწუხაროა.
ხაბეიშვილის თქმით, იმ პირობებში, როცა რუსი ოლიგარქის რეჟიმი არის დასუსტებული, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მხრიდან ისრების გადატანა არასწორად მიაჩნია.
„გულწრფელად ვწუხვარ ამ განცხადების გამო. ვფიქრობ, იმ პირობებში, როცა ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქის რეჟიმი არის დასუსტებული და მეტიც, საკუთარი თანაგუნდელები, მინისტრის მოადგილე ამხელს კრემლთან ურთიერთობაში მთავრობის წევრებს, ბიძინა ივანიშვილს, ასეთ დროს ისრების გადატანა, მათ შორის ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მხრიდან, არასწორად მიმაჩნია. ამ ქვეყანაში არის ერთი რუსი ოლიგარქი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. როცა კონკრეტულად კეზერაშვილზეა საუბარი, ეს ადამიანი არის ოპოზიციური არხის დამფუძნებელი, რომელი არხიც ასევე იდევნება რუსი ოლიგარქის მიერ ამ ქვეყანაში და პარალელურად, ეს ადამიანიც არის აღიარებული პოლიტიკური დევნილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შავით თეთრზე წერია მისი პოლიტიკური დევნის შესახებ, ასევე, ევროპულ რეზოლუციაში, სადაც აგრეთვე შავით თეთრით არის მითითებული, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში გუშინ განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.
16-11-2024
16-11-2024