26-09-2022
საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“დღეს ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი ფავორიტი პარტია – „ევროპული საქართველო“, ამ პარტიის კუთვნილი მედიასაშუალება – „ტაბულა“ და ამავე პარტიის კუთვნილი ენჯეო – „თავისუფლების ინსტიტუტი“ მართავენ აქციას ენგურის ხიდთან.
ამ აქციას უკვე გამოეხმაურა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება და ის შეაფასა „ამერიკის საელჩოს და USAID-ის მიერ სტიმულირებულ პროვოკაციად, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაში უკიდურესად უარყოფით რეაქციას იწვევს“.
გაუგებარია, რა მიზანი აქვს დღეს ენგურის ხიდთან აქციის ორგანიზებას, რომელიც საქართველოსთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის და აფხაზურ საზოგადოებაში უარყოფით რეაქციას რეალურად იწვევს.
აშკარაა, რომ აქციის ორგანიზატორებს ამ შემთხვევაშიც ამოძრავებთ ერთადერთი ინტერესი – მეორე ფრონტის გახსნა. როდესაც ამ მიზანს საქართველოს ხელისუფლებასთან ვერ მიაღწიეს, ახლა ისინი უკვე ენგურის ხიდიდან აფხაზების პროვოცირებას ცდილობენ.
მოვუწოდებთ ამერიკის საელჩოს, ამჯერად მაინც გაემიჯნოს მისი ფავორიტი და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გამყარდება ქართულ საზოგადოებაში ისედაც ფართოდ გავრცელებული ვარაუდი, რომ მეორე ფრონტის გახსნის სურვილის უკან, რომელსაც პერიოდულად საჯაროდ ახმოვანებენ საელჩოს ფავორიტი და მის მიერ დაფინანსებული ქართველი პოლიტიკოსები, ენჯეოების ლიდერები, უცხოელი ლობისტები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სინამდვილეში სწორედ საელჩო დგას.
ჩვენ განვახორციელებთ მეორე ფრონტისკენ მიმართული ქმედებებისა და პროვოკაციების მუდმივ მონიტორინგს, რათა საზოგადოება იყოს ფხიზლად ომის საფრთხის მიმართ და არ დაუშვას საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024