27-09-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს, ბილ ბომონტს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობასა და წარმატებულ თანამშრომლობაზე, მთავრობის მეთაურმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს ქართული რაგბის მხარდაჭერისა და საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, რაგბის, საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც რაგბის კავშირის გაზრდილი ბიუჯეტით გამოიხატება და ამ სპორტის განვითარების ხელშეწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
განსაკუთრებით აღინიშნა ფონდი „ქართუს" როლი საქართველოში რაგბის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით. ითქვა, რომ „ქართუს" შემოწირულობა რაგბის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და გასავითარებლად 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, ფონდის დახმარებით ქვეყნის მასშტაბით აშენდა 14 ბაზა და 27 სტადიონი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული რაგბის წარმატებაში. აგრეთვე აღინიშნა ის ფაქტი, რომ მსოფლიო რაგბიმ აღიარა ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ძალისხმევა და მას 2014 წელს საპატიო "განვითარების ჯილდო" გადასცა.
საუბარი შეეხო საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ინიცირებულ პროექტებს, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, მათ შორის, 100 ახალი მოედნის კონცეფცია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 47 ლოკაციაზე, აგრეთვე პროექტი „სასკოლო რაგბი", რომლის მიზანია მოსწავლეებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ითამაშონ რაგბი და ხელი მიუწვდებოდეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე. აღნიშნული პროექტი ფონდი „ქართუს", კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავა და გამგეობის წევრი მამუკა გორგოძე, ხოლო მსოფლიო რაგბის დელეგაციის მხრიდან: აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი დევიდ ქარიგი ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024