28-09-2022
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის წევრებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა მსოფლიო ბანკთან ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე და სამომავლო პროექტები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.
ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მაღალი შეფასება მისცა მსოფლიო ბანკთან პარტნიორულ ურთიერთობას და ხაზი გაუსვა იმ ძალისხმევას, რომლის შედეგადაც საქართველომ შეძლო არაერთი გამოწვევების გამკლავება და მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების განხორციელება. მისი თქმით, მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგო უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება, მათ შორის, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია უცხოურ ენერგეტიკულ რესურსებზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებისა და დარგის მდგრადი განვითარებისკენ. ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებზე, მათ შორის, ახალი ჰიდროსადგურების მშენებლობის მნიშვნელობაზე, განახლებადი ენერგიის წყაროების, მათ შორის, ქარისა და მზის, უფრო მეტად ათვისებაზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, ენერგოეფექტურობის პრინციპების გაზიარებასა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტის განხორციელებაზე.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას მომდევნო წლებშიც, რათა ერთად უპასუხონ ახალ გამოწვევებს, განახორციელონ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის შემდგომი რეფორმირება და უზრუნველყონ დარგის მდგრადი განვითარება.
16-11-2024
16-11-2024