გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილჩ ხენკელმა 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია გახსნა

6-10-2022

5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ყველა პედაგოგს, კონკურსის ფინალისტებს, პროფესიული დღე მიულოცა და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში მასწავლებლების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 


2022 წლის საუკეთესო მასწავლებელი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე გახდა, რომელსაც საპატიო ჯილდოსთან ერთად, ფულადი პრიზის სახით, 15 000 ლარი გადაეცა.


მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო ამ უაღრესად მნიშვნელოვან ღონისძიებაში და მოგილოცოთ  მასწავლებლის საერთაშორისო დღე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნება.


მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან ტრადიციას და წელსაც, მასწავლებლის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, გამოვავლენთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს.


ეს პროექტი ნამდვილად გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინიციატივა, რომელიც ჩვენი პედაგოგების დაფასებითა და მათი მოტივაციის ზრდით, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება.


საბედნიეროდ, ჩვენ ქვეყანას ჰყავს უამრავი პედაგოგი, რომელიც ზრუნავს მოსწავლეებში ცოდნის სიყვარულის გაღვივებაზე და მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე. მსურს, მადლობა გადავუხადო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ორგანიზატორებს იმისთვის, რომ საზოგადოებას აძლევენ შესაძლებლობას, გაიცნონ ასეთი პედაგოგები და დაინახონ ის ფასდაუდებელი შრომა, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ეწევიან.


საამაყოა, რომ კიდევ ერთი პროფესიონალი ღირსეულად ატარებს 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულის წოდებას და კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს პროფესიულ საქმიანობას.


მასწავლებლობა ოდითგანვე ყველაზე საპატიო და, ამავდროულად, ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა – ყველა ვთანხმდებით, რომ ღირსეული, განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საწინდარია, ამაში კი, პედაგოგების როლი განუზომლად დიდია.


მინდა, ქედი მოვიხარო თითოეული პედაგოგის წინაშე, რომლებიც თავიანთი შრომით ამტკიცებენ, რომ არიან ჭეშმარიტი გმირები და, პირდაპირი მნიშვნელობით, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს.


ძვირფასო მასწავლებლებო, პირადად მე, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ყოველთვის ვიდგები თქვენს გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს პროფესიული განვითარების, წინსვლისა და საინტერესო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობა.

დღეს უამრავი გულანთებული ახალგაზრდა ეუფლება მასწავლებლის პროფესიას, რომლებსაც სურთ მივიდნენ სკოლაში და თავისი წვლილი შეიტანონ მომავალი თაობის აღზრდაში. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს საზოგადოებაში მასწავლებლის პრესტიჟი იზრდება.


კიდევ ერთხელ ყველა პედაგოგს გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროფესიის არჩევისთვის და იმისთვის, რომ ასე ერთგულად ემსახურებით ახალგაზრდების აღზრდისა და განათლების სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს. თითოეულ თქვენგანს წარმატებებს, პროფესიულ წინსვლასა და კეთილდღეობას გისურვებთ!“


2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს საპატიო პრიზი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა გადასცა და მას გამარჯვება პირადად მიულოცა.


წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყვნენ: ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნანა მგალობლიშვილი, დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ქიმიის მასწავლებელი, მიხეილ ლაბარტყავა, ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი, სოფიო ძიგრაშვილი და წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი ირა ძირკვაძე. საუკეთესო ხუთეულში დასახელებულ თითოეულ პედაგოგს ჯილდოს სახით 5 000 ლარი გადაეცა.


დაჯილდოების ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ, ღონისძიების სპონსორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. 


მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კოალიციას „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.

აღნიშნული ინიციატივა მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.


„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ხოლო ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი – ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930