11-10-2022
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ატლანტიკური საბჭოს რეგიონული "სუფთა ენერგიის პერსპექტივის კონფერენციაში", რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან პარტნიორობით გაიმართა. კონფერენცია სუფთა, უსაფრთხო და მდგრადი ენერგიების განვითარებას შეეხებოდა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ისაუბრა საქართველოში განახლებადი ენერგიების უზარმაზარი პოტენციალის ათვისებასა და გამოყენებაზე, განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და ენერგოეფექტურობის გაზრდაზე, რომლებიც შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის დირექტივებთან, ასევე მან ისაუბრა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასა და სამომავლო გეგმებზე აღნიშნული კუთხით.
„ენერგიის მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ზამთრის დეფიციტის დასაძლევად და იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად ჩვენ გენერაციის დამატებით ობიექტებს ვავითარებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განახლებადი ენერგიის (ჰიდრო, ქარი და მზის) 100-ზე მეტი წყაროს შესახებ მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა"- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა სუფთა ენერგიის პერსპექტივებზე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის, აგრეთვე პარიზის შეთანხმებისა და ევროკავშირის მწვანე შეთანხმების რეგიონალურ შედეგებზე.
კონფერენციაზე განიხილეს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში „მწვანე დღის წესრიგის" შენარჩუნების თემა და განახლებადი ენერგიების წყაროების ურთიერთკავშირი ეროვნული განსაზღვრული წვლილის დოკუმენტთან კერძოდ კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად. მათ შორის, თუ რა გამოწვევებს უქმნის ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოებასა და „მწვანე დღის წესრიგს" რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, აგრეთვე ევროკავშირის მწვანე შეთანხმების, RePowerEU და CBAM-ის გათვალისწინებით, რა მხარდაჭერა სურს, მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა დონორებისგან კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად და კლიმატის ნეიტრალურ ეკონომიკაზე გადასვლასთან მიმართებაში.
16-11-2024
16-11-2024