„გაკვირვებული დავრჩი ოპოზიციის მხრიდან გენგეგმაზე გაკეთებული განცხადებებით, რადგან, როდესაც „სითი ინსტიტუტმა“ წარმოადგინა პირველადი დოკუმენტი, რომელსაც სერიოზული ხარვეზები ჰქონდა, ოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა, რომ აუცილებლად მიგვეღო ეს დოკუმენტი. სამი თვის თავზე, ჩვენ მივიღეთ გამართული დოკუმენტი „სითი ინსტიტუტთან“ მუშაობის შედეგად და დღეს გვეუბნებიან, რომ ეს დოკუმენტი არის ხარვეზიანი“, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, საუბარია არა ყველა ოპოზიციურ ძალაზე, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაზე.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ დღეს რომ გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ არ ვიღებთ ამ გენგეგმას, ისინი პირიქით, შემოგვიბრუნდებიან და გვეტყვიან: აი, თქვენ აზარალებთ დედაქალაქს, მის განვითარებას და აუცილებლად უნდა მიიღოთ. უბრალოდ, გასაკვირია. ყველა რეფორმის განხორციელების დროს მათ აქვთ იგივე პოზიცია. ეს არ არის საინტერესო პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ საზოგადოებას დავანახო მათი რეალური სახე. რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციურ ძალაზე არ არის საუბარი. კონკრეტულად იმ გაკოტრებულ პოლიტიკურ პარტიაზე ვლაპარაკობ, ვინც ამ მიმართულებით არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდა. იგივე დამოკიდებულება იყო, როდესაც თბილისის მერიამ „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. მე სხვა გადაწყვეტილებას ნამდვილად ვერ მივიღებდი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება გენგეგმას, დედაქალაქის მერის განცხადებით, ის პრაქტიკულად აღსრულებად დოკუმენტად იქცა.
„ვფიქრობ, რომ მართლაც მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლითაც ჩვენ შევძლებთ ქალაქის გრძელვადიან და რაც მთავარია, სწორ განვითარებას. გენგეგმა ვაქციეთ პრაქტიკულად აღსრულებად დოკუმენტად, ისე, რომ არც ერთი კონცეპტუალური მიდგომა, ზონირების არც ერთი მაჩვენებელი არ შეგვიცვლია, პირიქით, ტყეს აღვუდგინეთ სტატუსი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს - 2009 წელს საერთოდ გააქრეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, გენგეგმის ცვლილებები უკვე გააცნეს დეველოპერებს.
„ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა დეველოპერებთან. ავუხსენით ცვლილებები, რომელიც შევიდა გენერალურ გეგმაში, ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ქალაქის სწორ განვითარებას. ჩვენ, მერია ვართ მუდამ ღია. ვაწარმოებთ შეხვედრებს, ვუხსნით ცვლილებებს, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, რომ რაიმე პრობლემები არ შეიქმნას, შეიძლება ჩვენც რაიმეში ვცდებით და ვისმენთ, რა შეიძლება უკეთესად განვახორციელოთ, სად გვინდა გაუმჯობესება და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება და მიდგომები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის გენგეგმის დოკუმენტის გადამუშავებაში ჩართულ ყველა თანამშრომელს.