15-10-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ქ.რუსთავში იმყოფებოდა, სადაც „რუსთავისაზოტსა” და „აზოტმჟავას კლიმატის ცვლილებების სამოქმედო ჯგუფის“ – „ნაკაგის“ ოფიციალურ წარმომადგენელს - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების თანამშრომლობას (GIZ)შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს აღნიშნული ჯგუფის წევრ ქვეყნებში აზოტმჟავას მწარმოებლების აღჭურვას კლიმატის ცვლილების გამომწვევი აზოტის ქვეჟანგის (N2O) მშთანთქმელი ტექნოლოგიით, რითაც ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიების შემცირება მოხდება. გერმანიის მთავრობა უზრუნველყოფს პროექტში მონაწილე ქვეყნების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას.
„ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გარემოზე ზრუნვა. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ და პროცესს აქტიურად ვაგრძელებთ. გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანელი პარტნიორების მხარდაჭერით, „რუსთავის აზოტში“ მნიშვნელოვანი პროექტი იწყება. გერმანიის მთავრობა დაეხმარება რუსთავის აზოტს, დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც, თავის მხრივ, შესაძლებლობას მოგვცემს, შევასრულოთ კლიმატის ცვლილების ფარგლებში გაეროს წინაშე აღებული ვალდებულებები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რუსთავში, სამრეწველო ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, გავაუმჯობესოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი ესწრებოდნენ.
„ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა, არის წინგადადგმული ნაბიჯი, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ „რუსთავის აზოტის“ საქმიანობის გავლენა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე და კლიმატის ცვლილებაზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. პროექტი, რომელიც საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების გამოყენებასა და მთელი საწარმოო ციკლის ჩანაცვლებას ითვალისწინებს, არის უპრეცედენტო ქართულ რეალობაში. ვფიქრობ, ეს იქნება ნათელი მაგალითი ყველა კომპანიისთვის, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, დონორების მხრიდან შეუძლიათ მიიღონ სათანადო დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ დაგეგმილი საწარმოო პროცესების მართვის ციკლი იქნება თანამედროვე და ექნებათ სურვილი, მოექცნენ სწორი გარემოსდაცვითი მმართველობის ფარგლებში“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
გერმანიის მთავრობა ტექნოლოგიური გადაიარაღების პროცესში რუსთავის აზოტის საწარმოს 2 მილიონი ევროს ღირებულების გრანტით დაეხმარება, რათა ჰაერში გაფრქვევები შემცირდეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიის გარემოსდაცვის, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებლის დაცვის ფედერალური სამინისტრო პროექტის ღირებულებას 50%-მდე დააფინანსებს, დანარჩენს კი თავად „რუსთავის აზოტი“.
აღსანიშნავია, რომ „რუსთავის აზოტის“ ქარხანამ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ავტომატური თვითმონიტორინგის სისტემა გამართა დამონიტორინგის შედეგებს უწყვეტ რეჟიმში აწვდის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავში, ნებისმიერ საწარმოში საწარმოო პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი და ახალი ინვესტიცია ქალაქის ინტერესს ემსახურება. რუსთაველების მთავარი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა.
გერმანელმა სპეციალისტებმა აზოტმჟავას საამქროში განახორციელეს მონიტორინგი აზოტის ქვეჟანგის (N2O) ემისიების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. შედეგად, ქარხანას მიღებული აქვს ემისიების შემცირების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. საბოლოოდ, ტექნიკურ ეკონომიკური კვლევების საფუძველზე დადგინდა შესაბამისი ემისიების ჩამჭერი ტექნოლოგიის დეტალები.
16-11-2024
16-11-2024