17-10-2022
მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვეტერანის დღე და ყველა ვეტერანს ჩვენი მთავრობის სახელით გითხრათ მადლობა თქვენი ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ტერიტორიების დაცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას ვალია, დააფასოს ვეტერნების ღვაწლი, რადგან მათ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს, რაც ადამიანს გააჩნია - საკუთარი სიცოცხლე.
„ყველას მოგესალმებით, ძვირფასო ვეტერანებო, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო ელჩებო. მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვეტერანის დღე და ყველა ვეტერანს ჩვენი მთავრობის სახელით გითხრათ მადლობა თქვენი ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ტერიტორიების დაცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის. არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, არამედ მსოფლიოში მშვიდობის დაცვისთვისაც. მინდა აქვე ყველას შევახსენო პირველ რიგში ის, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ჩვენ ძალიან ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ. ომი აფხაზეთში, სამაჩაბლოში, შემდეგ უკვე 2008 წლის ომი და ჩვენი წარმომადგენლობა მისიებში. კოსოვოში, შემდეგ ერაყში, ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ასეული ჩვენი ღირსეული პატრიოტი დავკარგეთ და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა ამ ომებს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვალია, დავაფასოთ მათი ეს ღვაწლი. მათ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს, რაც ადამიანს აბადია - საკუთარი სიცოცხლე. როცა ადამიანი ამას საკუთარი ნებით თმობს, რა თქმა უნდა, ეს არის გმირობა", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024