18-10-2022
საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა და ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვასილე დინკუს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო კავშირებს თავდაცვის სფეროში. აღინიშნა, რომ ახლახანს ხელმოწერილი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებს ყველა მიმართულებით ახალ იმპულსს შესძენს.
მთავრობის მეთაურმა რუმინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.
აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან წვლილს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორატის უფროსი ვასილე იონესკუ და რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რეზვან როტუნდუ ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024