გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის თიურინგიის ფედერალური მიწის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ციფრული საზოგადოების მინისტრს უმასპინძლა

21-10-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის თიურინგიის ფედერალური მიწის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ციფრული საზოგადოების მინისტრთან ვოლფგანგ თიფენზეესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პიტერ ფიშერი ესწრებოდა.

 

მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას საქართველოში განათლების ყველა საფეხურის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და მრავალწლიანი, უწყვეტი, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერა დიდ როლს ასრულებს საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების საქმეში.

 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაღრმავებას, გაცვლითი პროგრამებისა და სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.

 

მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

 

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქართულ-გერმანული თანამშრომლობის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს, რადგან შექმნისთანავე KIU ინტენსიურად თანამშრომლობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რითაც უნივერსიტეტმა ოპერირება დაიწყო. როგორც მან აღნიშნა, ეს მიდგომა ნარჩუნდება და კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით აკადემიური პროგრამების შექმნაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს.

 

მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში დიდ როლს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო ასრულებს, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის გერმანიის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან და, ასევე, ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების შექმნის პოლიტიკას და სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია.

 

მინისტრის თქმით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან – დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა გერმანელ მეცნიერებსაც ექნებათ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას.

 

თავის მხრივ, გერმანიის თიურინგიის ფედერალური მიწის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ციფრული საზოგადოების მინისტრმა ვოლფგანგ თიფენზეემ დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტი. მისი თქმით, ნამდვილად სასიხარულოა, რომ გერმანიის სამეცნიერო საზოგადოება ასე აქტიურად არის ჩართული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საქმეში.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თიურინგიის ფედერალური მიწის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ციფრული საზოგადოების სამინისტროს საერთაშორისო საქმეთა ოფიცერი ფრანცისკა ბრაიტჰაუპტი,  აღმოსავლეთ თიურინგიის სამრეწველო და სავაჭრო პალატის მმართველი დირექტორი პიტერ ჰიონე, ილმენაუს ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი კაი-უვე სატლერი და ThuringiaInternational-ის დირექტორი სტეფან ბლეხშმიდტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930