ნანა კაკაბაძე: სასამართლოს დღესაც აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ იმის არდანახვა, თუ რა სისტემური ცვლილებები გატარდა სასამართლოში, თვალების დაბრმავება და ქვიშაში თავის ჩაყოფა იქნებოდა
9-11-2022
,,სასამართლო სისტემაში „კლანი“ მხოლოდ მას შემდეგ "აღმოაჩინეს" მაფიოზებმა, როცა დაინახეს, რომ მოსამართლეები განთავისუფლდნენ ადეიშვილის დიქტატისგან და გახდნენ მათთვის უმართავები. სასამართლოზე ატეხილი ჟივილ-ხივილის მიზეზიც მხოლოდ ეს არის,”- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სასამართლო რეფორმის შესახებ.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, კურიოზია, რომ ამ კრიტიკის ავანგარდში ის პოლიტიკური პარტიები და ენჯეოები არიან, რომლებიც ადეიშვილის ჯიბეში მჯდომი, პროკურატურის დანამატად ქცეული სასამართლოს შემოქმედები იყვნენ.
,,რა არის სასამართლო რეფორმა დღეს ყველაზე მეტი კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან ისმის სასამართლო სისტემის მიმართ. კურიოზია, რომ ამ კრიტიკის ავანგარდში ის პოლიტიკური პარტიები და ენჯეოები არიან, რომლებიც ადეიშვილის ჯიბეში მჯდომი, პროკურატურის დანამატად ქცეული სასამართლოს შემოქმედები იყვნენ. ისინი თვალებს ხუჭავდნენ ნაცების დროინდელ სამარცხვინო დაწესებულების სამარცხვინო საქმეებზე. ხალხმა სააკაშვილ-ადეიშვილის კანტორას, სასამართლოს ნაცვლად უსამართლო დაარქვა. სასამართლოს დღესაც აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ იმის არდანახვა, თუ რა სისტემური ცვლილებები გატარდა სასამართლოში, თვალების დაბრმავება და ქვიშაში თავის ჩაყოფა იქნებოდა. მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოებში ბოლო 10 წელიწადში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:
- არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდების ოდენობა დღევანდელ სასამართლოებში მინიმუმ 10-ჯერ აღემატება სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლოების მიერ მიღებულ ანალოგიურ გადაწყვეტილებებს.
- დღევანდელ სასამართლოში ბრალდებულებისთვის დადგენილი გამამართლებელი განაჩენები მინიმუმ 10-ჯერ აღემატება სააკაშვილ-ადეიშვილის ჯიბის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
3.პენიტენციურ სისტემაში განთავსებული პატიმრების რაოდენობა 10 ათასით ნაკლებია წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით.
4.სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სასამართლოები, გამოყენებული იყვნენ საპროცესოებითა და ჯარიმებით ბიუჯეტის შესავსებად, რაც განაპირობებდა მოსახლეობის განკულაკება-გაღატაკებას. დღეს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, საპროცესო შეთანხმებისას ჯარიმების ოდენობა მინიმუმ 70-ჯერ ნაკლებია.
5.სააკაშვილ-ადეიშვილის ჯიბის სასამართლოსგან განსხვავებით-(სადაც ფაქტიურად ცემისგან დახეიბრებული ან ნაწამები პატიმრები მიყავდათ) დღევანდელ სასამართლოს ეკისრება ვალდებულება, თუ პატიმარი წინასასამართლო სხდომაზე დაიჩივლებს დაკავებისას ან გამოძიების პერიოდში მის მიმართ არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობაზე, მაშინვე გადაგზავნოს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოში და დაავალოს მას სასწრაფო გამოძიება.
- განსხვავებით სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლოსგან, კანონმდებლობის ცვლილების საფუძველზე მოსამართლეებს აქვთ უფლება, ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ბრალდებულს შეუფარდოს არასაპატიმრო სასჯელი (რისი უფლებაც ადეიშვილის დროს ჩამორთმეული ქონდათ). მოსამართლეები შეზღუდულები აღარ არიან ე. წ. „გაიდლაინებით“, რომლებიც ყოველგვარ ინდივიდუალურ მიდგომას შეუძლებელს ხდიდა კონკრეტული საქმეების მიმართ.
- ბოლო 10 წელიწადში მინიმუმ 10-ჯერ არის შემცირებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში როგორც მიმართვის, ასევე ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფოს გამტყუნების ფაქტები.
- ბოლო 10 წელიწადში მოხდა ნარკოტიკული დანაშაულის დიფერენციაცია და მცირე დოზებთან დაკავშირებით სასჯელები შემსუბუქდა, ხოლო ზოგ შემთხვევაში მოხდა დეკრიმინალიზაცია.
- "ქართული ოცნების"მმართველობის დროს მოხდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება. დავიწყებას მიეცა სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლო გადაწყვეტილებები, როდესაც 14 წლის ბავშვებს 14 წლით პატიმრობას უსჯიდნენ.
- ოცნების მმართველოს პერიოდში, ბოლო 10 წელია სასამართლო სხდომები გახდა საჯარო და ყველა ჟურნალისტს შეუძლია დასწრებაც და ვიდეოგადაღებაც, რამაც სრულად შეცვალა 10 წლის წინანდელი სიტუაცია, როდესაც სასამართლო სხდომაზე ყველა დამსწრეს საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ და მობილურ ტელეფონებს გარეთ ატოვებინებდნენ. დღეს თვითონ სასამართლო ახდენს ყველა სხდომის ვიდეო-აუდიო ჩაწერას და ადვოკატს შეუძლია სხდომის მეორე დღესვე მიიღოს ეს ჩანაწერი.
11.სასამართლოზე დამსწრე პირთა მიერ ხმაურის ან წესრიგის რაიმე ფორმით დარღვევის შემთხვევაში ნაცების დროს დაწესებული იყო ჯარიმა 500-დან 5000 ლარამდე ოდენობით, დღეს ეს ოდენობა კანონით შემცირებულია 10-ჯერ და ჯარიმის ოდენობა შეადგენს 50-დან 500 ლარს.
- და ბოლოს: დღეს ყველაზე მეტს ის პოლიტიკური პარტიები ყვირიან მურუსიძე-ჩინჩალაძის „სასამართლო კლანზე“, ვინც 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველაზე აქტიურად იბრძოდა, რომ მოსამართლეების ცვლილება არ მომხდარიყო, არც ერთი მოსამართლე ვადის ამოწურვამდე სახლში არ გაეშვათ, რაც განხორციელდა კიდეც. აქ საქმე მარტივადაა: მაშინ დამარცხებული პოლიტიკოსებისა და მათი სატელიტი ენჯეოების კლანს იმედი ჰქონდათ, რომ ძველი მოსამართლეები ვერ შეძლებდნენ პროკურატურის მორჩილებისგან განთავისუფლებას, ხოლო პროკურატურაშიც მათი ძველი კადრები ისევ ძველებურად გააგრძელებდნენ პოლიტიკური დავალებების შესრულებას და ამის საშუალებით მალე მოახდენდნენ პოლიტიკურ რევანშს. სასამართლო სისტემაში „კლანი“ მხოლოდ მას შემდეგ "აღმოაჩინეს" მაფიოზებმა, როცა დაინახეს, რომ მოსამართლეები განთავისუფლდნენ ადეიშვილის დიქტატისგან და გახდნენ მათთვის უმართავები. სასამართლოზე ატეხილი ჟივილ-ხივილის მიზეზიც მხოლოდ ეს არის. ყბადაღებული „რეფორმების“ შინაარსი გამოიხატება იმაში, რომ ხელისუფლებამ, ოპოზიციურ- მაფიოზური კლანის მორჩილი იურისტები უნდა გაამწესოს მოსამართლეებად. ეს არის და ეს. მხოლოდ ამ მიზეზის გამო, ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები მათთვის რეფორმებად არ მიიჩნევა.
პ.ს. მოსამართლეებზე კლანი-კლანის ძახილი სასამართლოსადმი უნდობლობის გაჩენაზე, მოსამართლეების დათრგუნვაზე და სისტემის ჩამოშლაზეა გათვლილი,” - წერს კაკაბაძე.