16-11-2022
სასწავლო პროცესსა და, ზოგადად, თსუ-ში სტუდენტურ ცხოვრებაზე ისაუბრეს შეხვედრაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ და თსუ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. სტუდენტებთან შეხვედრას თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელს საკუთარი მუშაობის პრინციპები გააცნეს და დასახულ ამოცანებსა და გეგმებზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, საუბარი შეეხო სტუდენტების შეფასების ახალი საერთო სისტემის შემოღებას სწავლა-სწავლების გაუმჯობესებისთვის, სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსი) მომზადების საერთო პრინციპს, სამეცნიერო კვლევებში სტუდენტების ჩართვას და სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, სტუდენტური სოციალური სივრცეების მოწყობას და ზოგადად, სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პრობლემებს, რომლებიც სტუდენტებს აწუხებთ და მათი მოგვარების გზებს, მათ შორის ელექტრონული ბაზების გამართვის აუცილებლობას.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა სტუდენტური პროექტების დაფინანსების გამჭვირვალეობაზე. მან მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ ამ პროექტებში ჩაერთოს სტუდენტთა უფრო ფართო წრე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. გადაწყდა, რომ მსგავსი ღონისძიება თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელსა და თსუ სტუდენტებსშორის პერიოდულად გაიმართება.
16-11-2024
16-11-2024