21-11-2022
ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, საქართველოში მედია და ინფორმაციული წიგნიერების განვითარება, ინფორმაციული უსაფრთხოება, დეზინფორმაცია, საავტორო უფლებები, პერსონალურ მონაცემთა დაცვა - აღნიშნულ თემებზე ინტერნეტმმართველობის მე-8 ფორუმი (IGF2022) იმართება. ფორუმი კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინტერნეტ საზოგადოება საქართველოსა (ISOC Georgia) და მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) თანაორგანიზებით და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ინსტიტუციური მხარდაჭერით ტარდება.
IGF2022 კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გურამ გურამიშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან ეკა სეფაშვილსა და ინტერნეტის საზოგადოების (ISOC) ევროპული მთავრობისა და რეგულატორული საკითხების უფროს დირექტორთან დევიდ ფროუჩთან ერთად გახსნა. გახსნით სიტყვაში კომისიის წევრმა საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა, ინტერნეტისა და ზოგადად ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობა, ასევე უსაფრთხო ინტერნეტი და მომხმარებლების უფლებების დაცვა კომუნიკაციების კომისიის პრიორიტეტებია. ეკატერინე იმედაძემ ფორუმის გახსნისას იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც კომუნიკაციების კომისია პარტნიორებთან ერთად ახორციელებს, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად საქართველოში უნივერსალური მომსახურებების დანერგვასა და ინფრასტრუქტურის გაზიარების, ასევე სატელეკომუნიკაციო ბაზრის ჰოლისტიკური კვლევისა და ქვეყანაში 5G-ის დანერგვის შესახებ.
„ჩვენთვის, როგორც სფეროს მარეგულირებელი ორგანოსთვის, ყოველთვის ნათელი იყო, რომ ციფრული კომუნიკაციები ზუსტად ის სფეროა, რომელიც უწყვეტ განვითარებას, ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას მოითხოვს, რაშიც კომუნიკაციების კომისიას, სექტორსა და შესაბამის ჩართულ მხარეებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ფორუმის ფარგლებში, სწორედ ის საკითხები იქნება განხილული, როგორიცაა ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, მედია და ინფორმაციული წიგნიერების განვითარება საქართველოში, ქვეყნის ინფორმაციული უსაფრთხოება, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, დეზინფორმაცია, საავტორო უფლებები, ხელოვნური ინტელექტი და სხვა. ვფიქრობ, სწორედ ასეთი ფორუმის სიძლიერე მდგომარეობს საერთო იდეებისა და პრინციპების გაზიარებაში, რაც ასევე გაეროს გლობალური IGF ფორუმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და წარმოადგენს ღია, გამჭვირვალე და დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით წარმართულ პროცესს. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც სატელეკომუნიკაციო და მედია მომსახურებების ზედამხედველი ორგანიზაციისთვის ინტერნეტის მმართველობის საკითხებზე დაინტერესებულ მხარეებთან ღია დიალოგი განსაკუთრებულად ღირებულია" - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.
ფორუმზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო საქართველოში მედია და ინფორმაციული წიგნიერების განვითარების შესახებ პანელს, რომელიც კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ გახსნა. კომისიის წევრმა ქვეყანაში მედიაწიგნიერების არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ პროცესში კომუნიკაციების კომისიასთან ერთად, დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. „მოგეხსენებათ, რომ კომუნიკაციების კომისია 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე. დეზინფორმაცია და ყალბი ინფორმაცია დღევანდელი მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა, რასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი იარაღი მედიაწიგნიერებით, ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა. კომუნიკაციების კომისია უკვე მეოთხე წელია საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად წარმატებით ახორციელებს პროექტებს, რომლის სამიზნე აუდიტორია მოზარდები, პედაგოგები და მშობლები არიან. ვამაყობთ, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს შთამბეჭდავი შედეგები და ჩვენი კომპლექსური მიდგომით მედიაწიგნიერების განვითარება კიდევ უფრო მდგრადი გახდება." - განაცხადა ნათია კუკულაძემ.
მედია და ინფორმაციული წიგნიერების განვითარების პანელს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის უფროსი მარიამ დახუნდარიძე გაუძღვა, რომელში მონაწილეობაც მედიაწიგნიერების ექსპერტმა ნატალია ინგოროყვამ, ტექნოლოგიების ექსპერტმა სანდრო ასათიანმა, ციფრული მოქალაქეობის სპეციალისტმა მარიკა სიხარულიძემ და რეპორტიორმა ნინი ბალარჯიშვილმა მიიღეს. დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ყურადღება მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე, სამიზნე აუდიტორიისთვის საჭირო უნარების განვითარებასა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს.
ფორუმის ფარგლებში, შედგა ასევე პანელი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ, რომელში მონაწილეობაც კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სანდრო ქარუმიძემ მიიღო. მან სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების ტენდენციებზე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის როლსა და უფლებამოსილებებზე, ასევე ბაზარზე კონკურენტულ გარემოსა და რესურსების სწორ განაწილებაზე ისაუბრა. ფორუმის ფარგლებში შედგა ასევე დისკუსია საავტორო უფლებების შესახებ, სადაც კომუნიკაციების კომისიის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ქორიძემ მოხსენება წარადგინა. კომისიის წარმომადგენელმა ონლაინ სივრცეში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე ამ კუთხით მაუწყებლებში მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრა.
16-11-2024
16-11-2024