გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ComCom - „გამარჯობა რუბის" წიგნებით დამატებით 40 სკოლის მოსწავლე ისწავლის

24-11-2022

„გამარჯობა რუბის" წიგნებით პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს დამატებით 40 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლე ისწავლის. კომუნიკაციების კომისია ფინურ წიგნებს „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში" და „მოგზაურობა კომპიუტერში", რომლებიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, დამატებით 40 საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადასცემს. კომუნიკაციების კომისიამ დღეს 40-მდე პედაგოგი „გამარჯობა რუბის" სწავლების მეთოდებში გადაამზადა. „გამარჯობა რუბის" წიგნებით დღემდე 21 სკოლის დაწყებითი კლასის 3250 მოსწავლე სწავლობდა, მომავალში კი ჯამში 61 სკოლის მოსწავლე ისწავლის.


კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით „გამარჯობა რუბის" წიგნებით სწავლების შესახებ თბილისის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბათუმის, გორის, რუსთავის, ოზურგეთის, თელავის, ტყიბულის, დმანისის, ხაშურის, ახალციხის, ჭიათურის, სამტრედიის, მცხეთის, ლაგოდეხის, თიანეთის, ფოთის, ქარელის, მუხრანის, საგარეჯოს, ქობულეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებს სემინარი ჩაუტარდათ. სემინარის ფარგლებში, მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია „გამარჯობა რუბის" წიგნებით სწავლების მეთოდისა და მიდგომის შესახებ. სემინარს რუსთავის N4 სკოლის მენტორი და მასწავლებელი უძღვებოდა, რომელსაც „გამარჯობა რუბის" სწავლებაში სერტიფიცირებული სემინარი აქვს გავლილი და უკვე 3 წელზე მეტია ამავე სკოლის მოსწავლეებს „გამარჯობა რუბის" წიგნით ასწავლის კომპიუტერული ტექნოლოგიებს.


პედაგოგებთან შეხვედრა კომუნიკაციების კომისიის, მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა დახუნდარიძემ გახსნა, რომელმაც მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და „გამარჯობა რუბის" წიგნებით სწავლების აქტუალობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტექნოლოგიების ექსპერტი ალექსანდრე ასათიანი ესწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში „გამარჯობა რუბის" წიგნებით სწავლების მნიშვნელობას. რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორმა მამუკა ხამხაძემ კი სემინარის მონაწილეებს „გამარჯობა რუბის" წიგნებით სწავლების გამოცდილება გაუზიარა.


შეგახსენებთ, რომ „გამარჯობა რუბი" 25 ქვეყანაში არის აღიარებული და წარმატებული ფინური საბავშვო წიგნების სერია, რომელიც დაწყებითი კლასის ბავშვებში კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისახავს მიზნად. „გამარჯობა რუბის" წიგნები თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე, მათ შორის, ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად, ესტონურად, იაპონურად. ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის უფლება კომუნიკაციების კომისიამ წიგნის ავტორისგან ექსკლუზიურად მიიღო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 2019 წლიდან შეიტანა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930