27-11-2022
ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებს, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობისა და განხილვის მიზნით კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების, სათემო/არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ჩატარდა.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანია ტყის მდგრადი მართვის პროცესში საზოგადოების შესაძლო სარგებლის გაცნობა და ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
საინფორმაციო შეხვედრები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა.
მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ტყის კოდექსს, გამოწვევებსა და ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გამოყენების შესაძლებლობას რეგიონში. მიიღეს ინფორმაცია ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისა და ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების შესახებ.
შეხვედრები საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“-ს ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით, ამავდროულად პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარების ხელშწყობას და ტყესთან ახლოს მდებარე თემების და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა გაძლიერებას. პროექტი „ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მისი უწყებების და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.
16-11-2024
16-11-2024