28-11-2022
ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპი დაიწყება 2023 წლის 1 იანვრიდან და ამ პროგრამის დაფინანსებაში მიემართება 100 მილიონი ლარი. სულ ჯამში, პროგრამა 1,3 მილიონი ლარი დაჯდება.
„კიდევ მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, განათლების მიმართულებით ჩვენ გახსოვთ, რომ 400 მილიონი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი. ამის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მაგრამ ჩვენ დამატებით კიდევ 150 მილიონ ლარზე მეტს მივმართავთ განათლების დაფინანსებაზე. მინდა, რომ გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე. იცით, რომ ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაში იმყოფება ქვეყნის მასშტაბით. ამის თაობაზე, ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ, ჩემი დავალებით დაამუშავა ეს საკითხი. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას, ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა. ეს პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად და პირველ ეტაპს დავიწყებთ 2023 წლის 1 იანვრიდან და ამ პროგრამის დაფინანსებაში მიემართება 100 მილიონი ლარი. სულ ჯამში, დაგვიჯდება 1,3 მილიონი ლარი და სრულიად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
იცით, რომ ჩვენ ანალოგიური პროგრამა დაწყებული გვაქვს და პირველი იანვრიდან დაიწყება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. აქაც გვაქვს დაახლოებით 800 სკოლა ჩასმული. 500 სკოლას ვიწყებთ გაისად, რაც მნიშვნელოვანია ჩვენ მომავალი თაობისთვის. ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა, ჩვენი ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ, ნამდვილად კარგ გარემოში. ეს უნდა დავიწყოთ საბავშვო ბაღებიდან, შემდგ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.
გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება სკოლებში, კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე, რაც ალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024