28-11-2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გამომცემლობა „პალიტრა L” ახალი გამოცემების თითო ეგზემპლარს გადასცემს.
ამის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ და გამომცემლობა “პალიტრა L”-ის ხელმძღვანელმა თინა ასათიანმა მოაწერეს.
თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „პალიტრა L”-ს ახალი გამოცემების პრეზენტაციისა და გამოფენა-გაყიდვებისთვის სივრცეებს გამოუყოფს, სადაც თსუ სტუდენტები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან ერთად, ცნობილი ავტორები პერიოდულად თსუ სტუდენტებთან შეხვედრებს გამართავენ.
თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ-სა და „პალიტრა L”-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კაფე გაიხსნება, სადაც გამოცემები იქნება წარმოდგენილი. უნივერსიტეტში ასევე გაჩნდება ახალი სივრცეები, სადაც წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ისეთ გამომცემლობასთან პარტნიორობა, როგორიც „პალიტრა L”-ია მნიშვნელოვანი და საინტერესოა,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თსუ-სა და გამომცემლობა „პალიტრა L”-ს შორის თანამშრომლობა გრძელდება. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა სტუდენტებთან ურთიერთობა. ასევე, სასიხარულოა, რომ შესაძლებლობა გვექნება უნივერსიტეტის ლამაზი სივრცეები ჩვენი ახალი გამოცემების პრეზენტაციებისთვის, გამოფენა-გაყიდვებისთვის, ცნობილ ავტორებთან შეხვედრებისთვის გამოვიყენოთ,“ - განაცხადა „პალიტრა L”-ის ხელმძღვანელმა თინა ასათიანმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამომცემლობა „პალიტრა L”-თან 2011 წლიდან თანამშრომლობს.
16-11-2024
16-11-2024