გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

1-12-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ“ (Humboldt-Kolleg), ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ეგიდით ჩატარდა. ფართო ფორმატის ინტერდისციპლინური სამეცნიერო ფორუმი საქართველოში მესამედ გაიმართა. ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პროფესორები, მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, სტუმრები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიების მნიშვნელობასა და ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე ისაუბრა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა და აღნიშნა:  ,,ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან თსუ მუდმივად ქმნის ახალ ცოდნას და ავრცელებს მას.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს დიდი ტრადიცია გერმანისტიკის მიმართულებით და ეს ტრადიცია დღესაც წარმატებით გრძელდება. ქართულ-გერმანული ურთიერთობების მნიშვნელობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ჩვენი უნივერსიტეტის დაარსების პერიოდში - 1918 წლიდან პირველმა ქართულმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ დაიწყო დიალოგი გერმანიის მთავრობასთან.“

 

წლევანდელი “ჰუმბოლდტ-კოლეგ”-ის თემა იყო “გერმანია - შავი ზღვის აუზის ქვეყნები - სამხრეთ კავკასია: ურთიერთაღქმის ისტორია და აწმყო.” კონფერენციაში 8 ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბულგარეთი, გერმანია, თურქეთი, რუმინეთი,საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი) 83 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 

„ეს ფორმატი შესაძლებლობას აძლევს ქართველ მეცნიერებს უფრო ინტენსიური გახადონ თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან და მათი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით უფრო აქტიურნი გახდნენ ევროკავშირის ჩარჩო-პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო პროექტებში, COSTაქციებში და შეუერთდნენ ღია მეცნიერების პოლიტიკას,“ -განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.

 

 

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონფერენცია და საკითხი, რომელსაც ის  ეხება, რადგან ვისწრაფვით ევროკავშირში გაერთიანებისკენ. ის ქვეყნები, რომელთანაც ამ კონფერენციის ფარგლებში  სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს აქვთ ურთიერთობა, სწორედ ევროპის კავშირის ქვეყნები არიან. აქვე უნდა ითქვას, რომ ჰუმბოლტ კოლეგი მესამედ ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ერთგვარი  პატივი და აღიარებაა ქართული მეცნიერებისა,“- აღნიშნა კონფერენციის ორგანიზატორმა, საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტმა, პროფესორმა ალექსანდრე კარტოზიამ.

 

საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბი აერთიანებს ქართველ ჰუმბოლდტიანელებს - მეცნიერებს, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატები ან ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატები. ჰუმბოლდტიანელობა საერთაშორისო სამეცნიერო აღიარების მოპოვების დადასტურებაა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჰუმბოლდტის ფონდის დეპარტამენტის თავმჯდომარე დოქტორი შტეფენ მელიხი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი, რომელმაც ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა: ,,ჩვენ დიდი ხნის თანამშრომლობის ისტორია გვაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.თსუ მასპინძლობს ჰუმბოლდტის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, რომელიც ძალიან დიდი ხანია მხარს უჭერს სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებას გერმანიასა და სხვა ქვეყნებს შორის.“

 

კონფერენციზე, რომელშიც ღვაწლმოსილ ჰუმბოლდტიანელებთან ერთად ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ, პარალელურად მუშაობდა სამი სექცია, რომლებშიც იყო მოხსენებები კულტუროლოგიის, ლიტერატურათმცოდნეობის, ლინგვისტიკის, ფილოსოფიისა და სამართლის, ისევე როგორც მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და მედიცინის საკითხებზე. ღონისძიება 2 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930