გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი: უკრაინელი მოსწავლეებისთვის შეთავაზებული სასწავლო პროგრამა შეესაბამება საქართველოსა და უკრაინის საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნებს

1-12-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


როგორც მინისტრმა განაცხადა, 2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, ხოლო მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2022-2023 სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა და გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. შედეგად, უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სასწავლო გეგმის ფარგლებში უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე არჩევით საგნებს. უკრაინული კურიკულუმით განსაზღვრულ საგნებთან ერთად მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას, საგანს „ჩვენი საქართველო“ და საქართველოს ისტორიას. ამასთან, სკოლის მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია არაფორმალური განათლების წრეები – სპორტის, მუსიკის და ტექნოლოგიების მიმართულებით.


მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკრაინელი მოსწავლეებისთვის საქართველოსა და უკრაინის საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნებთან შესაბამისი სასწავლო პროგრამის შეთავაზებაზე, რაც მათ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.


„უკრაინელი მოსწავლეებისთვის შეთავაზებული სასწავლო პროგრამა შეესაბამება  საქართველოსა და უკრაინის საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნებს, რათა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თითოეულმა მათგანმა შეძლოს განათლების მიღების გაგრძელება შესაბამის დონეზე. გარდა ამისა, უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით და მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია უფასო ტრანსპორტირებაც,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2300-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1500-ზე მეტი ბავშვი აგრძელებს ზოგადი განათლების მიღებას.


უკრაინულ სექტორებზე დასაქმებულია უკრაინიდან ჩამოსული 60-ზე მეტი მასწავლებელი და უკრაინულენოვანი საქართველოს მოქალაქე. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უკრაინელი მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფს მოსწავლეების ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას. უკრაინულენოვანი სექტორის ხელმძღვანელებად ასევე დანიშნული არიან უკრაინიდან ჩამოსული სპეციალისტები.


უკრაინელი მოსწავლეების მხარდასაჭერად და ქართველ თანატოლებთან მათი ინტეგრაციის მიზნით, მიმდინარე წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  ქალაქ თბილისის მერიისა და აჭარის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით სპორტული ფესტივალები და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები ჩატარდა თბილისში, კაჭრეთსა და ბათუმში, რაც ქართველი და უკრაინელი მოსწავლეებისთვის ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და დამეგობრების შესანიშნავი შესაძლებლობა გახლდათ.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნასა და უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელებულ პროექტებს საერთაშორისო ორგანიზაციების – UNICEF-ისა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლებმა უმაღლესი შეფასება მისცეს და უკრაინელი მოსწავლეების მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადეს. საქართველოს უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინის განათლების მინისტრმა სერგეი შკარლოტმაც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930