პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მმართველი პარტიის მხარდამჭერმა მოქალაქეებმა უნდა იბრძოლონ, რათა „ქართული ოცნება“ არ დაიშალოს და სიფლიდის ორგანიზაციად არ გადაიქცეს.
ამის შესახებ ჭიჭინაძემ პარტიიდან მისი გარიცხვის შესახებ საკითხის კიდევ ერთხელ კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქემ, რომელმაც თავის დროზე მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, მაქსიმალურად უნდა იბრძოლოს სიმართლისთვის, რომ როგორმე იქნებ არ დაიშალოს და არ დაიქცეს ეს პარტია. არ გადაიქცეს სიფლიდისა და მხოლოდ და მხოლოდ მლიქვნელებისა და ერთმანეთისთვის ტაშის მკვრელების ორგანიზაციად, რომ ადამიანს, როდესაც ის სკამზე აღარ ზის ასეთი ჩაწიხლვა აღარ მოუწყონ“- განაცხადა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დავით ჭიჭნაძის გარიცხვის შესახებ განცხადება გაავრცელა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.