5-12-2022
„ნაციონალური მოძრაობის“ არშემდგარ აქციაზე ისაუბრა „პოსტივის“ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისთვისაც ნათელია, რომელი მხარე უნდა დაიჭიროს.
„ვერ დავინახე პარტიული შეკრება, პარტიული აქცია, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენ ნაწილად არის გაყოფილი და რამდენი ლიდერი ჰყავს - ათვლაში უკვე დავიბენი. ამავდროულად, პოლიტიკური მოწოდებები, მოკლე თუ გრძელვადიანი გეგმები და ხედვა ვერ მოვისმინე.
როცა აქეთ მხარეს არის უტყუარი მოცემულობა, კანონმდებლობა, მყარი ინსტიტუციები, თავისი წესებით, ფაქტებით და რეალობით, იქით მხარეს კი - აღქმები, „ფეიკები“, ფანტაზიები, ფანტასტიკები, შაპიტოს ელემენტები, ძალიან ძნელია, ასეთ მხარეს წაიყვანო შენივე ამომრჩეველი და დააჯერო ის, რაც დასაჯერებელი საერთოდ არ არის.
აქეთ კანონი მკაცრად დაცულია, ჯანდაცვის სისტემა გადაყოლილია ერთი პატიმრის ჯანმრთელობას, იქით კი ყოველდღიურად ისეთი ინფორმაციაა, რომ არც ვიცი, ვისთვის არის განკუთვნილი, რადგან, თუ მათი ამომრჩეველი ინტელექტით, შეგნებით და განათლებით ასეთი დაბალი დონისაა, მაშინ, ბოდიში სლენგისთვის და „შეჭამს“ იმ ინფორმაციას, რომ 81 ქიმიური ნივთიერებიდან, მენდელეევის ტაბულიდან, რომლისგანაც ამა თუ იმ დოზით შედგება ადამიანის ორგანიზმი, სააკაშვილს აღმოუჩინეს - ორი. მემებადება კითხვა, ის 79 რა იქნა? ეს უფრო საგანგაშოა, ვიდრე ამერიკელი პროფესორ სმიტის დასკვნა, რომ 81-დან 2 აღმოვაჩინეთო. როცა თავიდანვე ატყდა აჟიოტაჟი, რომ მიხეილ სააკაშვილთან, 54 წლის ზრდასრულ ადამიანთან, არ უშვებენ ცნობილ უკრაინელ პედიატრ კომაროვსკის, ანუ ბავშვთა ექიმს, რატომ სჭირდებოდა სააკაშვილს მაინცდამაინც კომაროვსკის კონსილიუმი, ჩემთვის გაუგებარია.
ან, როდესაც გამოდის იგივე ხაჭაპურიძე, რომელსაც ეს ურთიერთშეუთავსებადი დიაგნოზები გამოაქვს (დემენცია ტუბერკულიოზთან როგორ უნდა შეაერთო, არ მესმის) და ამ დიაგნოზების დასამტკიცებლად, ლონდონიდან მართლა ცნობილი პროფესორი, კორნელი უსკატონი ჩამოჰყავთ - ოღონდ ის ფსიქიატრია.
ფსიქიატრი არ სჭირდება დემენციას, სჭირდება - ნევროლოგი; არც ტუბერკულიოზს სჭირდება ფსიქიატრი - ამ დროს ფთიზიატრის ჩამოყვანაა საჭირო. ამიტომ, ამ ადამიანისგან (სააკაშვილისგან) თვითონ ქმნიან სასაცილო, კარიკატურულ პერსონაჟს. ასე თუ ისე, როგორიც არ უნდა იყოს ის და ყველამ ვიცით, ვისთანაც გვქონდა საქმე, მაინც ამ შენი ისტორიის კუთვნილებაა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტია და საკუთარმა გარემოცვამ სასაცილო, ცირკის ჯამბაზის დონის პერსონაჟად ჩამოაყალიბა. ამას წერტილი რით უნდა დაესვას, არ ვიცი. ამ 200-კაციანმა აქციამ თუ დაუსვა, მადლობა ღმერთს, მაგრამ წინ გვაქვს ბელადის 55 წლის იუბილე, ორი 5-იანი საკრალურია მისი პარტიისთვის და სავარაუდოდ, ან ახალი დიაგნოზი, ან ახალი აქცია გველოდება“, - განაცხადა ქართველიშვილმა.
16-11-2024
16-11-2024