6-12-2022
ბოლო პერიოდში, საავტორო უფლებების დაცვის თემა არაერთი ცხარე დაპირისპირების საგნად იქცა. დავა წარიმართა, როგორც შემოქმედებით ავტორებს, ასევე საავტორო უფლებების დამცავ ასოციაციებს შორის. აშკარაა, რომ საავტორო უფლებები და მისი რეგულაცია საქართველოსთვის, ჯერჯერობით, ისევ უცხო ხილია და ხშირად არც ვიცით, რას გულისხმობს ეს უფლებები. განსაკუთრებით აქტუალური მუსიკალური და კინოპროდუქციის შემქმნელთა საავტორო უფლებების დაცვა გახდა და ამ სფეროში ბევრი პრობლემა გამოიკვეთა.
საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების და საავტორო უფლებების პოლიტიკას საქპატენტი განსაზღვრავს, ხოლო ავტორები ჰონორარების მიღებას და საკუთარი უფლებების დაცვას კოლექტიურ საფუძველზე შექმნილი ასოციაციების საშუალებით ახორციელებენ. ასეთი სახის აქტიური ასოციაცია საქართველოში ორია - GERA (საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია) და GCA (საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია). რა სხვაობაა მათ შორის, როგორ ახერხებენ საქართველოში საავტორო უფლებების დაცვასა და რამდენად აქვთ მუსიკალურ სფეროში მომუშავე ხელოვანებს არჩევანის თავისუფლება, ამ კითხვებს თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მუსიკოსმა, დათო ევგენიძემ უპასუხა, რომელსაც მისი შემოქმედებისა გავრცელებისა და რეალიზაციის პროცესში უამრავი სირთულე შეხვდა. მის საავტორო უფლებებს თავდაპირველად GCA იცავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ის ამ ასოციაციიდან გარიცხეს, რამდენიმე ავტორთან ერთად, შექმნა ასოციაცია GERA.
დათო ევგენიძე: ჯისიეი საქართველოში 2011 წელს დაფუძნდა სწორედ იმიტომ, რომ ხელოვან ხალხს ცივილიზებული სახით მიეღოთ შემოსავალი საკუთარი შემოქმედებიდან. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ წლების განმავლობაში, არც მე და არც სხვა ავტორებს არ აგვიღია ჩვენი შრომის არათუ პროპორციული, არამედ, მიახლოებული ჰონორარიც კი. დრო გადიოდა, ხოლო ჩვენ ვერც კი ვიგებდით, დროთა განმავლობაში, რომელი ავტორი თუ შემსრულებელი რამდენიმე თვეში რატომ იღებდა გარკვეულ თანხას, ხოლო ზოგ ავტორს, თვეების განმავლობაში, ერთი თეთრიც კი არ ერიცხებოდათ. რაიმე ტექნიკური საშუალებით ხომ უნდა აღირიცხებოდეს, რამდენჯერ გაჟღერდა ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქცია ამა თუ იმ ობიექტზე (ტელევიზიაში, რადიოში, რესტორანსა თუ სილამაზის სალონში)? ასე ბრმად, 3 თვეში ერთხელ კაპიკების ჩარიცხვა ძალიან დამამცირებელია. თანაც ეს ხდება სწორედ იმ წელს, როცა GCA-ს დირექტორმა საჯაროდ გამოაცხადა, ასოციაციის წევრთა ჰონორარმა 5 მილიონ ლარს გადააჭარბაო.
- თქვენი აზრით, რატომ შეიქმნა ასეთი ვითარება ასოციაციაში, როდესაც დამფუძნებლები ხართ შემოქმედები და ორგანიზაცია არ წარმოადგენს ვინმეს საკუთრებას?
დათო ევგენიძე: იმიტომ, რომ საქმე გვაქვს მონოპოლიასთან, რომელიც 2011 წელს შეიქმნა და ,სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ასოციაციის შიდა საქმიანობა იყო და დღემდე რჩება სრულიად გაუმჭვირვალე. ერთმა ადამიანმა, კერძოდ გიგა კობალაძემ, ერთპიროვნულ მმართველად გამოაცხადა თავი. იმის მაგივრად, რომ ასოციაცია ზრუნავდეს ავტორების უფლებების ეფექტურ დაცვაზე, პირიქით, ჩვენ, ავტორები ვზრუნავთ კობალაძის კეთილდღეობაზე. ეს კი გამოიწვია იმან, რომ სახელმწიფო კონტროლი არ არსებობდა ამ სფეროში. საქპატენტის ყოფილი ხელმძღვანელობა, წლების განმავლობაში, ღიად და დაუფარავად ლობირებდა GCA-ს მენეჯმენტს, ხელს უწყობდა მის სრულიად უსამართლო, გაუმჭვირვალე და მონოპოლიურ მმართველობას. დღესაც კი, საქპატენტის ყოფილი ხელმძღვანელი ამ ასოციაციის ინტერესებს უკვე ადვოკატის რანგში იცავს, რისი დასტურიც იყო წელიწად-ნახევრის წინ, პარლამენტის სხდომაზე, მისი გიგას ადვოკატის რანგში ყოფნა. ზუსტად ესაა კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი. სწორედ ამ პრაქტიკის შედეგად მოხდა ის, რომ ავტორები ვიქეცით გიგა კობალაძის მონებად. ამას მოჰყვა ისეთი ტიპის კრიმინალური ხასიათის მაქინაციები, რაც ამ ცოტა ხნის წინ გახდა ნათელი შესაბამისი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად (ვგულისხმობ „იმედის კვირის“ რეპორტაჟს), რაც, წესით პროკურატურის ინტერესის საგანი უნდა გამხდარიყო, მაგრამ არც პროკურატურის მხრიდან მოჰყვა ამ თემას რეაგირება და არც ოპონენტებისგან.
- რას გულისხმობთ?
დათო ევგენიძე: იმას, რომ GCA ცდილობს საკუთარი საქმიანობა მთლიანად იმით გადაფაროს, რომ ოპონენტებს რუსეთუმეები ეძახოს და რუსეთთან კავშირში დაადანაშაულოს. ამას აკეთებს სრულიად უტიფრად იმ დროს, როდესაც თავად იყო რუსულ ასოციაციებთან მაქინაციებში გახვეული და კონვერტებით დაარბენინებდა ფულს. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მსგავსი განცხადებებით გამორჩეული ზოგიერთი საჯარო პირი თავად იღებს პირდაპირ რუსეთიდან საავტორო ჰონორარებს რუბლებში და მე, დათო ევგენიძეს საქართველოში ვერ ამიღია კუთვნილი ჰონორარი ამ ასოციაციისგან. ათი წელი გავიდა, მთავრობა შეიცვალა, არაერთი მოსმენა და დისკუსია გაიმართა და ეს სფერო კიდევ ვერ მოწესრიგდა. მეტის მოთმენა კი მართლა აღარ შეიძლება.
- როგორ გაჩნდა ასეთ ვითარებაში მეორე ასოციაცია?
დათო ევგენიძე: საქართველოში მეორე საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA სწორედ იმიტომ დაფუძნდა, რომ GCA-სგან წამოსულმა ავტორებმა გამოვთქვით პროტესტი წინა ასოციაციის არაკეთილსინდისიერ საქმიანობაზე და ჯანსაღი ალტერნატივა შევქმენით. ამ წამოწყების ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვარ და GERA-ს ამჟამინდელი ავტორთა საბჭოს თავმჯდომარეც გახლავართ. რიცხვები ყველაზე კარგად გამოხატავენ განსხვავებას ამ ორი ორგანიზაციის საქმიანობის თაობაზე. როდესაც გიგა კობალაძის მიერ არაკეთილსინდისიერად გადანაწილებულ ჰონორარებზე, ხმა ამოვიღე და კითხვები დავსვი, GCA-ს დირექტორმა ასოციაციიდან გამრიცხა. მეტი უსამართლობა და უკანონობა გაგიგიათ, ერთი ხელით, ასოციაციიდან მრიცხავს და მეორე ხელით კვლავ აგრძელებს ჩემი კუთვნილი ჰონორარების აკრეფას კომერციული ობიექტებიდან, ისე რომ მე ერთ თეთრსაც არ მირიცხავს. ასეთი ღია და დაუფარავი ძარცვაა. ჩემი აზრით, ეს პირდაპირ კრიმინალია. გეკითხებით, როგორ შეიძლება, როდესაც უამრავი სრულმეტრაჟიანი ფილმისა და სერიალის ავტორი ვარ და ეს ფილმები დღესაც კი ტრიალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხელის მოწერით გამრიცხოს და 2 წლის განმავლობაში ჩემი შემოქმედებიდან მიღებული თანხა თავის ორგანიზაციას მოახმაროს? ამ ყველაფრის მერე, ის გამოდის და ამბობს, რომ ეს პრეტენზიები უსაფუძვლოა და თურმე კოვიდპანდემიის დროს, მიუხედავად მათი განახევრებული შემოსვლებისა, ქართველ ავტორებს არ დააკლეს თანხა. ეს არის უსინდისო ტყუილი. რა აძლევს ამის კეთების საშუალებას მას? ისევ და ისევ არასწორი კანონმდებლობა და ადმინისტრირება, უკანონო და უსამართლო, უკონტროლო მდგომარეობა. საქპატენტის ყოფილი ხელმძღვანელობის დახმარებით, ბიზნესი დაშინებული ჰყავდა გიგა კობალაძეს, რომ არ გაებედათ და ან პირდაპირ ჩემთვის ან GERA-სთვის არ გადაერიცხათ ჩემი კუთვნილი ჰონორარი. ანალოგიური პრობლემის წინაშე იდგა და დგას დღემდე ასობით ავტორი საქართველოში. და ამ ვითარებაში, ერთადერთი გამოსავალი, ჩვენ, ავტორებმა, ალტერნატიული ასოციაციის დაფუძნებაში ვიპოვეთ და როგორც დრომ გვიჩვენა, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
- რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
დათო ევგენიძე: გამოსავალი არის ის, რომ მთავრობამ წესრიგი უნდა დაამყაროს ამ სფეროში. მას ამისთვის ყველა ბერკეტი გააჩნია - კანონმდებლობაც მის ხელშია და ადმინისტრირებაც. მე ხელოვანი კაცი ვარ და იურიდიულ საკითხებში ვერ ვერკვევი. ხელისუფლებას კი კომპეტენციაც გააჩნია და თუ პოლიტიკური ნება იქნა, სფეროს მოწესრიგება უპრობლემოდ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, რას ვითხოვთ ავტორები სახელმწიფოსგან? - ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება იქნეს დაცული; გამჭვირვალედ და სამართლიანად მოხდეს საავტორო ჰონორარების აღრიცხვა და განაწილება. ნუთუ, ასე რთულია ამის გაკეთება? ჩვენ, ხელოვანებმა ჩვენი მისია ამოვწურეთ, არაერთხელ ვამხილეთ და გამოვააშკარავეთ რამდენი პრობლემაა ამ სფეროში, შევქმენით ჯანსაღი ალტერნატივა GERA-ს სახით. ახლა, ჯერი სახელმწიფოზეა!
16-11-2024
16-11-2024