9-12-2022
ჩვენი მოსახლეობის გენოფონდს გაფრთხილება სჭირდება, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ „პოსTV-ის“ ეთერში, გადაცემაში „პოსტანალიტიკა“.
მან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე დემოგრაფიულ სურათზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აფხაზ და ოს ადამიანებთან სასაუბროდ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დემოკრატიული პოლიტიკაა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საქართველოს მთავრობის არჩევანი მშვიდობის გზით ერთმანეთის დაბრუნებაა.
„აფხაზეთში დემოგრაფიული ვითარება კიდევ უფრო მძიმეა. პრაქტიკულად, აფხაზეთის ეთნოსი განზავების საფრთხის ქვეშაა, რადგანაც სხვა, უცხო ტერიტორიებიდან ჩასახლებულმა ეთნიკურმა ჯგუფებმა აფხაზური ეთნოსი გადაფარეს. ამას მძიმე ნარკოპოლიტიკაც ერთვის, შობადობის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელიც.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ავირჩიეთ არა ომით დაბრუნების გზა (რისკენაც ხშირად მოგვიწოდებენ ხოლმე), არამედ მშვიდობით. ჩვენ მათ ჯანმრთელობაზეც ვზრუნავთ. სხვათა შორის, ისინი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემითაც სარგებლობენ.
ჩვენი ენა აფხაზეთთან არა საომარი, არამედ - მეგობრული იქნება. პირადად მე მქონდა შეთავაზება, დემოგრაფიული კვლევები აფხაზეთშიც ჩაგვეტარებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას გამოხმაურება არ მოჰყოლია. რადგანაც მათთან დემოგრაფიული მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია, მდგომარეობა უფრო მძიმეა, მათ მეტი დაფიქრება სჭირდებათ. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ომისა და მშვიდობის განსხვავება და ამ ჭრილში ჩვენი პოლიტიკის სწორად წარმოება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მან, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების გზაზე, მშვიდობის როლს გაუსვა ხაზი.
„ამ დემოგრაფიულ ვითარებაში, ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ემოციური პოლიტიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ და თუნდაც იმის, რომ ქვეყნის ომში ჩართვის რისკებს ყურადღება არ მივაქციოთ. ვიღაცას თუ ეს რესურსი აქვს, საქართველოს ეს არ შეუძლია. ამიტომ, ჩვენს ქვეყანას არ უნდა მოსთხოვონ ის, რაც მას არ შეუძლია. ჩვენ მშვიდობაც ვიცით, ომიც და ბრძოლაც, მაგრამ სიფრთხილე ამ ქვეყნისთვის სავალდებულოა. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გამორჩეული რისკები. ამ გამორჩეულ რისკებს გამორჩეული მიდგომა სჭირდება და არა მხოლოდ ემოციური გადაწყვეტილებები“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
16-11-2024
16-11-2024