9-12-2022
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს საქართველოში ტელეკომუნიკაციების სექტორის რეგულირებისა და განვითარების ტენდენციები წარუდგინეს. როგორია კონკურენციის რეგულირება ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში, რა უფლებამოსილებები აქვს კომუნიკაციების კომისიას კონკურენციის სამართლის აღსრულების კუთხით და რა ტენდენციებია საქართველოში რეგულირებად ბაზრებზე - აღნიშნულ თემებზე აშშ-ს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
კომუნიკაციების კომისიის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკატერინე სიჭინავამ საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს ტელეკომ ბაზრის მიმოხილვა წარუდგინა. მან დეტალურად ისაუბრა და კოლეგებს საქართველოს ტელეკომ ბაზრის ტენდენციები, მათ შორის ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ეკატერინე სიჭინავამ ყურადღება ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიურ წესებზე გაამახვილა და ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრების კომპლექსურ კვლევაზე ისაუბრა.
ტელეკომუნიკაციების სექტორში კონკურენციის მნიშვნელობასა და კონკურენციის სამართლის აღსრულების კუთხით კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებებზე ყურადღება იურისტმა ლევან მაისურაძემ გაამახვილა. კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა კოლეგებს საქართველოში კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა წარუდგინა. როგორია კონკურენციის რეგულირება და კონკურენციის უზრუნველყოფის რა მექანიზმები არსებობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში - ლევან მაისურაძემ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის მიმართულებით ქართული საკანონმდებლო ჩარჩო კონფერენციის მონაწილეებს დეტალურად გააცნო.
შეგახსენებთ, რომ თბილისში სამდღიანი ღონისძიება თემაზე - „კონკურენცია ტელეკომუნიკაციების სფეროში" ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებითა და აშშ-ს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის ორგანიზებით, ასევე, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან, კომუნიკაციების კომისიასთან, აშშ-ს კომუნიკაციების ფედერალურ კომისიასა (FCC) და ევროკავშირი-საქართველოს დაძმობილების პროექტთან თანამშრომლობით იმართება.
16-11-2024
16-11-2024